ქართული კალიგრაფია ჰარვარდის უნივერსიტეტში

Baia uridiaჰარვარდის უნივერსიტეტის ლამის ოთხსაუკუნოვან ისტორიაში, პირველად, ქართველი არტისტი ბაია ურიდია ქართული კალიგრაფიისა და კულტურის შესახებ ლექცია-სემინარს ჩაატარებს.

ბაია ურიდია:

“ჰარვარდის უნივერსიტეტის ლამის ოთხსაუკუნოვან ისტორიაში, პირველად, მე, თქვენი მონა-მორჩილი, წავიკითხავ ლექცია-სემინარს, მეტწილად ვორქშოფის ფორმატში, ქართული კალიგრაფიისა და კულტურის შესახებ.
უშუალოდ, ქართული დამწერლობის აბსტრაქტული და პრაქტიკული განხილვა ისტორიულ, ესთეტიკურ, ანთროპოლოგიურ და იდენტობის ევოლუციურ ჭრილში. სტუდენტებს კი ექნებათ საშუალება, რომ ვასწავლო ჩვენი ულამაზესი ასოების არა წერა, არამედ ხატვა.
სახელწოდება რომ ქართულად ვთარგმნოთ, ასე ჟღერს: დამწერლობის ცნობიერება: ქართული კალიგრაფია,  როგორც კულტურული და ესთეტიკური თვითგამოხატვა.

პროგრამა, თავისთავად, ჩემ მიერ არის შედგენილი, და ხვდებით, ალბათ, რაოდენ ფილოსოფიურიც იქნება, ამავდროულად. დასწრება შეუძლიათ, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებსაც, ან თუნდაც დოქტორანტებსაც, რომლებიც საკითხით დაინტერესდებიან.

მოგეხსენებათ, ჰარვარდი მსოფლიოს ყველაზე ელიტარული სკოლაა, კემბრიჯი – ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალურად ძლიერი სივრცე მსოფლიოში, შესაბამისად, ვერც ერთი ეპითეტი გამოხატავს იმას, თუ როგორ ძალიან მიხარია, ქართულ კულტურას რომ მსგავს ადგილას პოპულარიცაზიას გავუწევ. მართლა, გულწრფელად, ჩემი ეგოს კმაყოფილებასა და ვნებებს აღემატება ეს უკანასკნელი. ჩემს ამ წარმატებას, და უფრო საზოგადოდ – ქართული კულტურული კოდების ფართო ასპარესზე გატანას ვუძღვნი ჩემს უსაყვარლეს ბებიასა (ნარგიზა ხაფავა) და ბაბუას, რომლებმაც არა მხოლოდ გამზარდეს, არამედ ჩემი ინტელექტუალური ევოლუცია (და თუნდაც რევოლუცია) განსაზღვრეს. რომ არა ჩემი ცხოვრების ეს ორი მთავარი მენტორი, არც 28 წლის ასაკში გავხდებოდი აშშ-ს საჰაერო ძალების ვეტერანი, და არც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გონიერ ქალაქში ვიცხოვრებდი, ან ვისწავლიდი. ასევე, უღრმესი მადლობა ჩემს უძვირფასეს უფროს მეგობარს, ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ოქროსა და ბაჯაღლოს, ისტორიის პროფესორ ბექა კობახიძეს, რომელმაც მე და ჰარვარდი ერთმანეთს დაგვაკავშირა.”