ჯილდო დათია ბადალაშვილს

Datia badalashvilმწერალსა და პედაგოგს დათია ბადალაშვილს ჯილდო გადასცეს. მას “ცოდნის კაფემ” “2025 წლის ცოდნის გამავრცელებლის ჯილდო” მიანიჭა.

ქეთი მოლაშვილი:

– ეს ამბავი იმით დაიწყო, რომ მე ძალიან ცოტა ვიცოდი დათიაზე და რაც უფრო მეტს ვიგებდი, სულ უფრო მადლიერების გრძნობა მეუფლებოდა ამ ბიჭის მიმართ. ვიცი, ბევრი იცნობთ დათიას, მაგრამ ვინმე თუ არ იცნობთ, იმათთვის დავწერ, უბრალოდ ძალიან მინდა ბევრნი ვიცნობდეთ ასეთ ადამიანებს. სულ 10 ამბავს მოგიყვებით, დათიას შესახებ, იმ 10 ამბავს, ასე მგონია, ყველამ რომ უნდა იცოდეს: 1. დავიწყებ იმით, რომ დათია მწერალია, მოთხრობებს ლიტერატურულ ჟურნალებშიც აქვეყნებდა, მაგრამ ორი საკუთარი წიგნიც აქვს გამოცემული, “ფიჭვები შორს იყო” და “ლეკვების სამოთხე. 2. 26 წლის იყო, რომ გადაწყვიტა ჩემს მშობლიურ სოფელში დავბრუნდებიო და თეთრიწყაროს სოფელ დიდ თონეთში დაბრუნდა, დიდი იმედებით. 3. იცით, დათია მასწავლებელიცაა, ისტორიასა და სამოქალაქოს ასწავლის საჯარო სკოლაში. 4. ისე უყვარს თავის საქმე და სკოლა, მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარადგინეს და საუკეთესო ათეულში მოხვდა დათია მასწავლებელი. 5. დიდ თონეთში რომ დაბრუნდა, ერთ ზამთარს, თავის მეგობრებთან ერთად, ერთ უკარო და უფანჯრო შენობაში, წიგნებს გადააწყდა, მიტოვებულს, ქარისაგან აფრიალებულსა და დასველებულს. ადგა დათია და სახლში წაიღო ის წიგნები, რაც გადაარჩინა. მერე გადაწყვიტა ასე არ ივარგებს, სოფელმა ბიბლიოთეკა არ უნდა მიატოვოს და მზე-წვიმაზე წიგნები დაყაროსო, ადგა და შეუდგა შენობის გამაგრებას, იმ შენობის, წვიმა რომ ჩადიოდა, კარი რომ არ ჰქონდა, არც ფანჯარა. მოახერხა და ბევრი კარგი ხალხის დახმარებით, ბიბლიოთეკა აღადგინა, უამრავი ახალი წიგნი მიიღო საჩუქრად, სოფლის გულად გადააქცია ბიბლიოთეკა. მიდიოდნენ და მიდიოდნენ ახალგაზრდები დათიასთან და ატანდა და ატანდა დათია წიგნებს. ამ ამბავში, დათია ქართველი ჰოლდენ კოფილდია, ბავშვები რომ ჭვავის ყანაში თამაშობენ და იქვე საშიში უფსკრული რომაა, ჰოლდენი კი რომ იცავს ბავშვებს ამ უფსკრულისგან, აი ეგ ჰოლდენია დათია დიდ თონეთში. 6. დათიას ერთი ოცნება აქვს, მის სოფელში, ვაჟა-ფშაველა, მასწავლებლად მუშაობდა. ახლა ის შენობა, სადაც ვაჟა ბავშვებს განათლებას აძლევდა, დანგრეულია. დათიას ოცნებაა, საძირკველი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, იმ საძირკველზე აღადგინოს შენობა, სადაც ვაჟა-ფშაველა ქართველ გოგო-ბიჭებს, ცოდნის კარს უხსნიდა. წარმოიდგინეთ რა მაგარია, საქართველოში არის შენობა, სადაც იცი, რომ იდგა ვაჟა და ატიტინებულ გოგო-ბიჭებს, ცოდნას აძლევდა, კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმზე ესაუბრებოდა. დათიას ოცნებაა ეს შენობა აღადგინოს და ვაჟას კვალდაკვალ, იქ თაობები გამოზარდოს. 7. ამდენი რომ მოვყევი, ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ დათია ძალიან კარგი საქართველოს მოქალაქეა, უბრალოდ რაღაცებზე ვერ შეძლო გაჩუმება და საკუთარი შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს. აი იმ ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს, მზე-წვიმაზე ნაყარი წიგნები დათიამ ჯერ სახლში რომ გაზიდა და კალთის ქვეშ შეიფარა, მერე სულ რომ თავის ხელით გააკეთა ყველაფერი მიტოვებულ შენობაში და ბიბლიოთეკად აქცია, მერე წიგნებიც რომ თავად მიიტანა, ახალი წიგნებიც და სული რომ შთაბერა, აი იმ თავის ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს. 8. ახალი კანონი რომ მიიღეს, ერთზე მეტ ადგილას ვერ იმუშავებ თუ არადა ცნობა გჭირდებათო, მაინც და მაინც დათიას შეახეს ეგ კანონი და დილემის წინაშე დააყენეს: ან ბიბლიოთეკა ან სკოლაო. დათიამ, ბავშვები ისე მიყვარს, სკოლას ვერ დავთმობდიო და საკუთარი შვილივით გამოზრდილი ბიბლიოთეკა წაართვეს. 9. დათიას რომ შეხვდებით, მაშინვე იგრძნობთ, რომ დიდი ადამიანი დგას თქვენს წინაშე. დათია დიდი ქართველია. რომ უსმენ, იაზრებ რამხელა სევდას ატარებს გულით, დათია ხომ იმ იმედით დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, რომ სოფელი შეეცვალა, რაიმე კარგი გაეკეთებინა, ვაჟას ცოდნის გამავრცელებელი კარ-მიდამო აღედგინა და ხელთ შერჩა უმადურობა – იმ ბიბლიოთეკიდან გამოშვება, რომელიც თავად შექმნა. ღმერთო, რა ცამდე უსამართლოა ხანდახან ადამიანი, ნუთუ პარტიის მსახურება უფრო მაღალზე უნდა დააყენო, ვიდრე ქვეყნის სამსახური?! მგონია, ქვეყანას ქარიშხალები რომ გადაუვლის და ნორმალურ კალაპოტში ჩადგება, დათიას მშობლიურ სოფელში, დიდ თონეთში, უნდა მივეხმაროთ დათიას და ვაჟა-ფშაველას სახელობის ცოდნის გამავრცელებელი კერა უნდა აღვადგინოთ, უფრო სწორედ კი ის, რაც დათიად აქვს ჩაფიქრებული. ფენიქსივით უნდა აღდგეს ადგილი, სადაც ვაჟა-ფშაველა ცოდნას ავრცელებდა, იმსახურებს დათიაც და ვაჟაც. 10. ცოტა ხნის წინ, ცოდნის კაფემ დათიას “2025 წლის ცოდნის გამავრცელებლის ჯილდო” გადავეცით და ეს ისე მცირე ამბავი იყო, დათიას კი ისე უხაროდა, აბა რა გითხრათ. რაღაცნაირად თან სევდიანი იყო, უფრო სწორედ, კაცს გული გეწურებოდა, დათია მართლა დიდი ადამიანია და მეტ დაფასებას იმსახურებს. პირველივე სიტყვაზე, რომ დაგელაპარაკება, უკვე ზუსტად იცი, ვაჟა-ფშაველას საქმეების გაგრძელების ყველაზე ღირსეული კანდიდატია. როგორი დიდი ადამიანია და როგორ მორიდებით საუბრობს, დაფიქრებით. ჰო, დიდი ხანია მინდოდა დათიაზე დამეწერა, იცით, ვინმემ თუ არ იცოდით, არაუშავს, მე ნანამ მითხრა, დათია რომ გამოუშვეს თავისივე გაკეთებული ბიბლიოთეკიდან იციო? იქამდე დათიაზე სულ ცოტა ამბები ვიცოდი, ნანამ ყველაფერი იცოდა, ნანა ისე განიცდიდა ამ ამბავს, თითქოს ჩვენ გავეშვით ცოდნის კაფედან. ჰოდა ასე გადაეცა დათიას ‘ცოდნის გამავრცელებლის ჯილდო, დამსახურებულად. მინდოდა ბევრი გცოდნოდათ ამ ბიჭის შესახებ, ბიჭი, რომელიც ლაპარაკს რომ დაიწყებს, პირველივე წინადადებიდან მოგნუსხავთ და მიხვდებით, რომ თქვენს წინაშე, დიდი ადამიანი დგას. ცოდოა ეს ქვეყანა ასეთი ადამიანები დაუფასებლები რომ არიან.