ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნაძვის ხის მინის სათამაშოები და ელექტროსანთლები ქართველი გამომგონებლის გრიგოლ კობახიძის იგივე ჯორჯ კობის შექმნილია. ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაბადებულმა უნიჭიერესმა ქართველმა მსოფლიოს არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება აჩუქა. გრიგოლი 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და ჩავიდა ბორჯომში, სადაც ახლდგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი უფროს მემანქანედ მუშაობდა. 4 წლის განმავლობაში ბორჯომში დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც მისი თბილისში გადასვლის მიზეზი გახდა. მოგვიანებით ჯორჯ კობი ოდესის მინის ქარხანაში წავიდა სამუშაოდ. უნიჭიერესმა ქართველმა გამომგონებელმა არაერთ გამოწვევას გაუძლო. გადარჩა დაპატიმრებასა და გადასახლებას, პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, სადაც შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა, თუმცა მალევე ლონდონში წავიდა.
1909 წელს მეუღლესთან წარმოშობით შვედ დაშა ნოდვიკოვასთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში გაემგზავრა. თავდაპირველად გრიგოლი იქ მცხოვრებ რაჭველებთან ერთად პურს აცხობდა, 9 წელი მეუღლესთან ერთად იმუშავა „ჯენერალ ელექტრიკის” ფირმაში, აგროვებდა ფულს საკუთარი საქმის წამოსაწყებად. მან შექმნა ავტომატური საწერ–კალამი, რომელმაც რამდენიმე პატენტი მიიღო, ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებით.
საბოლოოდ უნიჭიერესი ქართველის ოცნება რეალობად იქცა – 1919 წელს გრიგოლმა მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა ააშენა. მისმა ფირმამ „The Cobi Glass Produkrs Company“-მ, რომელიც 45 დასახელების პროდუქციას უშვებდა – სამედიცინოს, ქიმიურს, ლაბორატორიულს, ფანჯრის მინებს, ოთახის გასატიხრ მინებს… – სახელი გაითქვა აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში. სულ მალე წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი – 4 მილიონს. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არ ჩერდებოდა.
მას დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი საქმე. 1918-1921 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ სურდა საქართველოში მინის დიდი ქარხნის აშენება, მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. გრიგოლი სამშობლოში 2-ჯერ ჩამოვიდა, აქტიურად ეხმარებოდა საკუთარ სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია, მღვდლის სახლი, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები, მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მიუხედავად ყველაფრისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ სასწრაფოდ დაბრუნდა ამერიკაში.
სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძის საქმიანობაში კრიზისი დაიწყო და 4 წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა კომპანიონმა იუჯინ იგნატიევმა. კობიმ თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მომხმარებელიც მრავლად გაიჩინა.
მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა კიდევ ერთი წარმატებული ქართველის, გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაჩაბლის ფირმისთვის „Prince Matchabeli“.

მიუხედავად ბიზნესის წინსვილისა, იგი უფრო დიდ სიმძლავრეებზე და სახელმწიფო შეკვეთებზე ოცნებობდა. როცა ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდაილენდის შტატის ქალაქ პატაკეტში გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოებისათვის. ჯორჯ კობის ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებს. მან მალევე გაისტუმრა მთვარობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. მოგებას ძირითადად ხარისხის ხარჯზე იღებდა. თავის ქარხანაში გააუმჯობესა წარმოების ტექნიკური მხარე, მუშების ცხოვრების დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის…
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა თავის წარმოებაში დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps“, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა“.
გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და მის მეუღლეს დაშა შვილი არ ჰყავდათ და სურდათ საკუთარი საქმის გამგრძელებლად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ცნობილი ხდება, რომ ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო, იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.
გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რაჭაში, ჯორჯ კობის მშობლიურ სოფელ თხმორში, მისი დაბადებიდან 140 წლის პატივსაცემად, მემორიალური ფოტომუზეუმი გაიხსნა, სადაც ფოტოებითა და საარქივო მასალებით ჯორჯ კობის მიღწევების შესახებ ქრონოლოგიურად არის მოთხრობილი.
