დათა თავაძე: “აღდგა სამართალი?”

Data tavკითხულობს რეჟისორი და მსახიობი დათა თავაძე:

“2025 წლის 14 იანვარს “ახალი თეატრის” წინ რომ შევიკრიბეთ, გახსოვთ? იმ თეატრის წინ, სადაც სინდისის პატიმრის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის სახეს ჯერ კიდევ ვხედავთ ფასადზე და არა მგონია არსებობდეს რამე, რაც ქართული თეატრის დღევანდელ მდგომარეობას უკეთ გამოხატავს – უსამართლოდ მოკლული თეატრი უსამართლოდ დაპატიმრებული მსახიობით. აი, ასეთია ქართული თეატრის დღეს ქართული თეატრის სახე.
“ახალი თეატრი” არნახული სისწრაფით გახდა მაყურებლის საყვარელი სახელმწიფო თეატრი თავისი მრავალფეროვანი რეპერტუარით: დრამატული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული დადგმებით; კამერული, თუ მასშტაბური, პოლიტიკური, “ექსპერიმენტული”, თუ გასართობი ხასიათის სპექტაკლებით; თანამედროვე, კლასიკური, ქართული და უცხოური დრამატურგიით, სხვადასხვა თაობის ხელოვანებით, საერთაშორისო კოლაბორაციებით და, რაც მთავარია, ზღვა მაყურებლით, რომელთაგან ყველას შეეძლო ეპოვა რაღაც სათავისო – ანუ, ზუსტად ისეთი თეატრი, როგორიც უნდა იყოს სახელმწიფო თეატრი და, იქნებ, კიდევ უფრო მეტიც…

და დიახ, ეს ყველაფერი დავით დოიაშვილის სახელს უკავშირდება – მისი და მისი გუნდის გაკეთებული საქმეა ეს!

აქ არ დავიწყებ იმის მოყოლას, რაც მოხდა, იმედი მაქვს, ამდენად არ გღალატობთ მეხსიერება, რომ დაგავიწყდეთ, როგორ დააკავეს ახალი თეატრის ერთი მსახიობი, მეორე, მესამე და მეოთხე კი უმოწყალოდ სცემეს, როგორ დააპატიმრეს მათი მეხუთე მსახიობი და დღემდე დაუმტკიცებელი ბრალდებებით ჰყავთ გამოკეტილი…. როგორ გაუკვირდათ დასის უკმაყოფილება, როგორ არ ელოდნენ მათ სოლიდარობას, დოიაშვილის პრინციპულ პოზიციას, და რა არ გააკეთეს, რა გზებით არ მიუდგნენ რომ შეეჩერებინათ. “უმოქმედობაში” ადანაშაულეს ერთადერთი დინამიური სახელმწიფო თეატრი ამ ქვეყანაში და ბოლოს ვერაფერს რომ ვერ გახდნენ, დოიაშვილი “ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მოხსნეს და თეატრი ნამდვილი უმოქმედობისთვის გაწირეს.

ქართული თეატრის დღეს ნამდვილად მოგილოცავდით მთელი გულით, ერთი სახელმწიფო თეატრი მაინც რომ იყოს ცოცხალი და გამოუშიგნავი, ან ფიტულივით რომ არ იდგეს “ახალი თეატრი”, რომელიც ქართული თეატრის სიმამაცისა და ერთიანობის ნაშთად, მის ბჟუტავ აჩრდილადაა აღმართული იქ, სადაც სულ რამდენიმე თვის წინ სიცოცხლე და ნამდვილი ხელოვნება დუღდა, საიდანაც სიმართლე ისმოდა და სადაც თავისუფლება ზეიმობდა იმ ერთადერთ კუნძულზე, რომელიც წაერთვა მაყურებელს!

არ შეიძლება დღეს არ დავსვა ეს კითხვა, მითუმეტეს რაკი, როგორც ჩანს, სხვა არავინ იკითხავს:
ახლა სად ხართ ის ხალხი, ვინც პირზე ქაფმოდებულებმა გამოგვაყრუეთ, აქაოდა
როგორ შეიძლება სახელმწიფო აფინანსებდეს თეატრს, რომელიც 3 თვე იფიცებაო?
სამ თვეში, მეგობრებო, ერთი წელი შესრულდება, რაც დოიაშვილი აღარაა “ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელი!

რაო, აღდგა სამართალი? თუ ახლა აღარ გადარდებთ “უმოქმედო თეატრები”? როგორაა თქვენი საქმე, ცრუპენტელებო? ხომ ხართ მყარად თქვენს მერყევ პოზიციებზე? ლამის ერთი წელი რომაა თეატრი ხელმძღვანელის გარეშე გაშეშებული, ეგ ვისი მარცხია? ვინ აგებს ამაზე პასუხს? ამისთვის ვის მოხსნიან?!

***
მეორე:
დღეს მარჯანიშვილის თეატრის “სხვენს” თემურ ჩხეიძის სახელი დაერქვა. ძალიან ცოტა რეჟისორია, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ცოცხალ პროცესს ტოვებს, შესაძლოა საქართველოში მხოლოდ თემურ ჩხეიძეზე შეიძლება ამის თქმა – მან დატოვა მოქმედი სახელოსნო, ცოცხალი პროცესით, რომელიც დახურეს იგივე ადამიანებმა, ვინც გამოშიგნა “ახალი თეატრი”.
დღეს არაერთმა გამომსვლელმა თქვა: “იმედია, დათა ისევ გააგრძელებს ამ საქმესო…” ოღონდ, იქ შეკრებილ ხალხში იყვნენ ისეთებიც, “სახელმწიფო ქონების ძარცვაში” რომ მადანაშაულა სულ ცოტა ხნის წინ, ან ვინც, ამბობდა “ჩხეიძის მერე ეგ სახელოსნო მაინც აღარაფერი აღარააო”… დღეს კი “იმედოვნებდა, რომ დათა გააგრძელებს ამ დიდ საქმეს” და საკოცნელად იწევდა “მძარცველისაკენ”.
[მთელი ძალით ვცდილობ არ გავგიჟდე!]
ბატონებო, მე თემურ ჩხეიძის სახელოსნოს “ლიკვიდაცია” არ “მომიხდენია”, მეტიც, ლიკვიდაციის შემდეგაც არ გამიჩერებია და არც გავაჩერებ – დიახ, ჩხეიძის საქმე აუცილებლად გაგრძელდება, მე გავაგრძელებ, მისი სტუდენტები გააგრძელებენ და კიდევ მრავალი “არცერთი პიესა” დაიწერება და ტომებად გამოიცემა და კიდევ მრავალი “არცერთი სპექტაკლი” დაიდგმება.
მაგრამ, ვინ იქნება პასუხისმგებელი ამ, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეფერხებაზე?

***
მოგილოცავდით ამ დღეს, მაგრამ მოსალოცი ამ გაყალბებულ ვითარებაში რა გვაქვს?
მართლაც რომელი ერთი მივულოცოთ ჩვენს თავს?
გახლეჩილი თეატრი, თუ დაშინებული და გატეხილი საზოგადოება? დაპატიმრებული მსახიობები, დაპატიმრებული მწერლები, თუ მოკლული შემოქმედებითი პროცესები? მოხსნილი სპექტაკლები, თუ ცენზურა?
კეთილი, მოგილოცავთ, გამარჯვებულებო!
მოგებას გილოცავთ, მაგრამ ხელში რა შეგრჩათ რომ დამანახოთ მაინც არ შეიძლება?

***
დღევანდელი ვითარების მთავარი უბედურება ის კი არ არის, რომ ქართული თეატრი მოკვდა [ამას კიდევ გადაიტანს კაცი – თეატრი მუდამ კვდება და იბადება], არამედ ის, რომ იგი გადარჩა!
გადარჩა, როგორც დეკორაცია, ან როგორც საკუთარი თავის გამოშიგნული მუზეუმი.”