განუმეორებელი მომღერლისა და კომპოზიტორის ინოლა გურგულიას მსმენელს სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა ნიკოლოზ რაჭველმა:
“ძვირფასო მეგობრებო და გულშემატკივრებო, გატყობინებთ, რომ გამოვიდა ალბომი, რომელშიც თავმოყრილია ინოლა გურგულიას საოცარი მელოდიები ჩემი საორკესტრო ვერსიებით.
ჩემი მიდგომა არ იყო სიმღერების არანჟირება, მე მინდოდა მსმენელისთვის მეჩვენებინა ჩემი, როგორც კომპოზიტორის დანახული და გააზრებული სიმფონიური ინოლა და მისი მუსიკალური აზროვნების უკიდეგანო მასშტაბი. ალბომში ინოლას მელოდიები სხვადასხვა ჟანრში გავშალე, ხან ჰოლივუდური ჟღერადობით შევმოსე, ხან ელექტრონული მუსიკის ხასიათით ან თანამედროვე სიმფონიური მუსიკის დამახასიათებელი ფერებით. ამიტომ ეს ალბომი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნამუშევარია, ძალიან დიდი სიყვარულით და წარმოუდგენელი შთაგონებით გაკეთებული.
მადლობა გიორგი ცაგარელს, ვისაც გაუჩნდა ეს იდეა და ვინც დამსვა ჯერ საწერ მაგიდასთან, შემდეგ კი ორკესტრთან ლენო რექორდსის ჩამწერ სტუდიაში.
ალბომი პანდემიის პერიოდში რამდენიმე წლის წინ ჩავწერეთ და მასში ახალი თაობის უბრწყინვალესი შემსრულებლები ასრულებენ ინოლას უნიკალურ მელოდიებს და მათ თანხლებას ეროვნული სიმფონიური ორკესტრი უწევს. პროექტი “სარაჯიშვილმა” დააფინანსა და მათ უდიდესი მადლობა ეკუთვნით ეროვნული საქმის მხარდაჭერისთვის.
აუცილებლად მოისმინეთ, რამდენჯერმე მოისმინეთ და დააკვირდით როგორც ნამღერს ასევე ორკესტრის ფერებს. როგორც ინოლას შვილებმა და ჩემმა ძვირფასმა მეგობრებმა იამ და დათომ მითხრეს ინოლა მუდამ ოცნებობდა მისი სიმღერების გაორკესტრებაზე. სიცოცხლეში ვერ, მაგრამ ახლა მისი სურვილი ავახდინეთ და ჩვენი სიყვარულით სავსე წვლილიც შევიტანეთ მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობის უკვდავებაში.
უმაგრესი ავტორი გვყავდა და მისი მელოდიები მუდამ იჟღერებს, მე კი მიხარია, რომ საავტორო ვერსიებთან ერთად უკვე ჩემეული ინოლაც დარჩება ისტორიას!
ეს YouTube-ის ლინკია. ასევე ატვირთულია ციფრულ პლატფორმებზე, მათ შორის Apple Music და Spotify. ფირფიტის სახით მისი შეძენა შესაძლებელი იქნება რამდენიმე დღეში და დამატებით მოგაწვდით ამბავს!”
