მწერალი და პედაგოგი დათია ბადალაშვილი უსამართლოდ დასაჯეს – ის თავისივე შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, დათია მშობლიურ სოფელ დიდ თონეთში დაბრუნდა, მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და ქართული საზოგადოების თანადგომით ვაჟა-ფშაველას სახელობის ახალი ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც ბიბლიოთეკარად მუშაობდა. თავის სოფელში გადაწყვიტა იმ დანგრეული შენობის აღდგენა, რომელშიც 1886-1888 წლებში ვაჟა-ფშაველა მასწავლებლად მუშაობდა. დათია 2018 წლის პენ-მარათონის ფინალისტი და 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ ლაურეატია. ის 2025 წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ჟიურის მიერ 10 რჩეულ მასწავლებელს შორისაც დასახელდა.
საქართველოს პენცენტრი:
“პენ საქართველო ეხმაურება მწერლის, ბიბლიოთეკარისა და მასწავლებლის, დათია ბადალაშვილის პოლიტიკურ დევნას და სოლიდარობას უცხადებს მას. მწერალი ამბობს, რომ არა მხოლოდ თვითონ განიცდის წნეხს და დევნას, არამედ – მთელი მისი ოჯახი.
დათია ბადალაშვილი ამა წლის 21 ნოემბერს აიძულეს, დაეტოვებინა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის ბიბლიოთეკა, რომელიც 2019 წელს საზოგადოების დახმარებით აღადგინა, მოიპოვა არაერთი გრანტი და განახორციელა საინტერესო პროექტები. ამას გარდა, მწერალი სოფელ დიდი თონეთის სკოლაშიც მუშაობს. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 10 რჩეულ მასწავლებელს შორისაც დაასახელეს.
მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა კანონში 1 ნოემბერს შეტანილი ცვლილებები მოიმიზეზეს და დათია ბადალაშვილს უთხრეს, რომ არჩევანი გაეკეთებინა სკოლასა და ბიბლიოთეკას შორის, რადგან ორ საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უშვებს გამონაკლისს და დირექტორის თანხმობის შემთხვევაში მოქალაქეს ორგან მუშაობა შეუძლია.
დათია ბადალაშვილს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა მას შემდეგ გაურთულდა, რაც 2024 წელს უარი თქვა დახმარებოდა მმართველ პარტიას არჩევნებში და მიეტანა „ხუთი ხმა“. „ვიცი, მათ აღიზიანებდათ ჩემი პოსტები და აქციებზე დგომა, არ შემეძლო სხვანაირად, არ შემეძლო გავჩერებულიყავი, მაშინ როცა ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ურტყამდნენ. მე არაფერი მაქვს გარდა სიტყვისა და ჩემი ღირსებისა“, – ამბობს დათია ბადალაშვილი.
დათია ბადალაშვილს გამოცემული აქვს მინიატიურების ორი კრებული, არის „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატი. ის მუდმივად აქვეყნებს სტატიებს ქართულ ონლაინ მედიაში და 2024 წელს იყო „პენ საქართველოს“ ბლოგერიც.”
მარიამ კვაჭაძე:
“დათია ბადალაშვილი თავისივე შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს, ამბობენ, რომ ასე ებრძვიან კორუფციას. იცით, რომ დათიამ ღია ცის ქვეშ დაყრილი წიგნები საკუთარი ზურგით გამოიტანა და “დამალა”, რათა გადაერჩინა?! მერე არ მოისვენა და იმდენი ქნა, ბიბლიოთეკისთვის ფართი მოიძია და ეს წიგნები იქ დაალაგა, იძიებდა დონორებსა და მოხალისეებს, იწვევდა მწერლებს, პოეტებს, ფსიქოლოგებს და ახვედრებდა სოფლის მოსახლეობას. ამ ზაფხულს დათიას პრეზენტაციის აწყობაში მივეხმარე, რომელშიც თავის პროექტებზე უნდა მოეყოლა და იცით რამ გამაოცა? იმდენი და ისეთი მნიშვნელობის პროექტი ჰქონდა ნაკეთები ამ ერთი ციცქნა დაცლილ სოფელში. ერთხელ მისმა მოსწავლემ მითხრა, რომ წიგნების კითხვა დათია მასწავლებელმა შეაყვარა. დათიამ წიგნები ადამიანებს დაუბრუნა და ადამიანები წიგნებს.
ჰოდა, ახლა კორუფციას უნდა ებრძოლონ და დათიას ბიბლიოთეკაში მუშაობა, სკოლის პარალელურად, “აღმოფხვრეს”.
თეთრიწყაროს ბიბლიოთეკა კულტურის ცენტრი – ვიცი, ვერ წარმოგიდგენიათ, რომ ადამიანი მხოლოდ ხელფასის გამო არ მუშაობდეს და ენთუზიაზმი ამოძრავებდეს, ჰქონდეს თქვენთვის ასე უცხო იდეალები, მით უმეტეს, ვერ წარმოიდგენთ, რომ არ იყოს მონა. მაგრამ ვეცდები აგიხსნათ, რომ დათიასთვის თქვენი “სამლარიანი” ხელფასი კი არა, წიგნი იყო მნიშვნელოვანი, იმ სოფლის ახალგაზრდების მომავალი იყო პრიორიტეტი.
დათია ბადალაშვილი თავისივე შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვეს! – დიდი ხანია ტოტალიტარიზმში მოგესალმებით.”
გიორგი კეკელიძე, მწერალი:
“თონეთელი დათია ბადალაშვილი საკუთარი შექმნილი ბიბლიოთეკიდან გამოუშვიათ.
ამ სამკითხველოს შექმნისას მისი მთავარი მხარდამჭერი ეროვნული ბიბლიოთეკა იყო და რადგან მაშინ მე იქ ვმუშაობდი, თვალს ვადევნებდი ამ საოცარი ბიჭის შეუფასებელ მონდომებას და შრომას – თან მწყემსი გახლდათ, თან მწერალი და თანაც საკუთარი სოფლისთვის უამრავი კეთილი საქმის შემოქმედი.
უნდა იცოდეს და იცის კიდეც, რომ სულ მისი მხარდამჭერი ვიქნები უსამართლო მორევში, რომელიც მისნაირ ალალ-მართლ ხალხს ასე იოლად და ანგარიშმიუცემლად რიყავს.”
ლაშა მარგიანი, პოეტი:
“წლების წინ, ამ ბიბლიოთეკის კედელი მოვუხატეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, გუშინდელივით მახსოვს ის სინათლე და სითბო, რაც ამ ბიჭმა იქ დაგვახვედრა. არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გაკეთდეს, ამათ არაადამიანობას საზღვარი არ აქვს.”
