ისტორიკოსი და მწერალი გურამ ქართველიშვილი დუმილს არღვევს და ამბობს, რომ ზურგი ათასობით იუდა-ნახანჯლარით აქვს აჭრელებული:
“მახსოვს, მე და რეჟისორი ლევან (ჭოლა) წულაძე ერთობ შეფიქრიანებული ვისხედით მის კაბინეტში. მარჯანიშვილის სცენაზე უკვე დადგმულ – დასრულებული და საპრემიეროდ გამზადებული გვქონდა სპექტაკლი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი”. შემოქმედი კაცის ნაცოდვილარს სულ ახლავს ეჭვი შემოქმედისგან და ჩვენც იმაზე ვდარდობდით, რომ სპექტაკლი ქრონომეტრაჟით სამი საათი და ოცი წუთი გამოვიდა. ვეჭვობდით იმას, რომ თანამედროვე მაყურებელი ამდენ ხანს სპექტაკლის ყურებას ვერ გაუძლებდა, ბევრი დატოვებდა დარბაზს და კრახით დაგვიმთავრდებოდა 24-კაციანი მსახიობთა გუნდის (ვინც სპექტაკლში მონაწილეობდა) და ჩვენი შრომა მოსალოდნელ პრემიერაზე. არადა, პირიქით მოხდა. პრემიერის მსვლელობისას დარბაზში ვიდექი და ერთი ბნელი კუთხიდან ვაკვირდებოდი მაყურებლის რეაქციას. მონუსხულივით შესცქეროდა ხალხი სცენას და ცრემლი ნაკადულად ჩამოდიოდა ყოველ მესამეს მაინც ღაწვებზე. დასასრულს რომ მიუახლოვდა სპექტაკლი და ბოლოს საფინალო ტაშმა რომ იქუხა, დარბაზი დავტოვე. ჯერ იქვე, ფოიეს ფარდის უკან ამოფარებული ერთი ჩემი მეგობარი (თბილისში სახელიანი ვაჟკაცი) აღმოვაჩინე მტირალი, რომელსაც თვალები შეშუპებოდა და ხალხს ეს რომ არ შეემჩნია, მისივე თხოვნით, თეატრის უკანა კარიდან გავიყვანე, ხოლო შემდეგ აწ გარდაცვლილ თამაზ ტყემალაძეს გადავეყარე ვინც წარმატებული პრემიერა ასე მომილოცა: – ,,მტრების გამრავლებას გილოცავ, გურამ” და გადამეხვია. ისე აგიხდათ, ქართველებო, ყველაფერი კარგი, როგორც მე იმ ჭკვიანი ქართველის (აცხონოს უფალმა) მოლოცვა – გაფრთხილება ამიხდა.
მას აქეთ არ გავჩერებულვარ ქართული საქმის კეთებაში და ზურგი ათასობით იუდა – ნახანჯლარით მაქვს აჭრელებული. მღალატობდნენ მწერლები, რეჟისორები, მსახიობები, იერარქები, პოლიტიკოსები, (სოროსის ძუძუ ნაწოვი) ინტელექტუალები და სხვა ყველა, ვისაც საქართველოს ბედი აბარია რამით. ნახანჯლარებს ვინ ჩივის, ზოგჯერ ისიც მაკვირვებს, ცოცხალი რომ დადის ორიოდ ჩემისთანა ამ იუდად ამდგარ საზოგადოებაში.
,,ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი” -ს გამეორება ხშირად გვიყვარს, მაგრამ ვის ვუმტროთ, ან რატო უნდა ვუმტროთ, ეგ ვერ გაგვირკვევია საკუთარ ფესვებთან და ფასეულობებთან მებრძოლ ახლანდელ ქართველებს.
(ისე შევეჩვიე უკვე მოძმეთაგან ზურგში ხანჯლებს, რომ დიდ ხანს თუ არავინ მიღალატა, ზურგი აპროტესტებს: – რატო დავავიწყდით ქართველებსო.)
იხარეთ.”
