გურამ ქართველიშვილი: “ამას ხომ ჩვენ ვაკეთებთ, ქართველებო?” 

მწერალი და ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ქართველებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ქვეყანაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობას აპროტესტებს:

“გაივსო ფეისბუკი ქართველების განცხადებებით: ,,იყიდება ბინა”, ,,იყიდება კერძო სახლი”, ,,იყიდება აგარაკი”, ,,იყიდება მიწა”, ,,იყიდება საკარმიდამო ნაკვეთი”, ,,იყიდება გაუქმებული საწარმო”, ,,იყიდება ვენახი” – იყიდება საქართველო ყველგან, ყველა სოფელში, დაბასა თუ ქალაქში. ვინ ყიდულობს, ქართველი? დარჩა კი ამდენი მსყიდველობით უნარიანი ქართველებს შორის? ამდენ ახლად აშენებულ ბინებს თუ აგარაკებს, სოფლად თუ ქალაქად გაღარიბებული ქართველობა ყიდულობს? რაღა თქმა უნდა, არა. ყიდულობენ უცხოელები – არაბები, თურქები, ირანელები, რუსები და ყველა, ვისაც ხელსაყრელი საკანონმდებლო პირობა აქვთ შექმნილი ქართული კანონით, რომ იყიდონ უძრავი ყველგან, სადაც მათ მოესურვებათ და საშვილიშვილოდ დამკვიდრდნენ ქართველებისგან დაცლილ და გაყიდულ საქართველოში. დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ერი სწორედ დღეს უყრის საფუძველს იმ საქართველოს, სადაც აბორიგენი მოსახლეობა ხვალ უუფლებო უმცირესობის უმცირესობაში აღმოჩნდება. არადა ყველაზე მოქმედი და სარფიანი ბიზნესი დღევანდელ საქართველოში საამშენებლო ბიზნესია, რის შედეგადაც ახალი შენობები სოკოებივით მრავლდება, რომელშიც ბინების უდიდესი ნაწილი უცხოელების ხელში გადადის. ამ ფონზე კი არაბული ქალაქების მშენებლობის პროექტს თვითონ მთავრობა უდგას სათავეში და ქართველების სამკვიდროთი მთავარ მოვაჭრედ ის გვევლინება.

ამას ხომ ჩვენ ვაკეთებთ, ქართველებო? თან ერთმანეთს ვატყუებთ, რომ საქართველო გვიყვარს. ვწერთ პატრიოტულ ,,პოსტებს”, თუ როგორი უძველესი კულტურა გვაქვს, როგორი თავდადებული და მოღვაწე წინაპრები გვყავდა. ან პირიქით ცრუ პოზიტივებს აყოლილებს აღარც გვახსოვს ეს მწარე რეალობა და თუ პოსტიდან მორიგმა ,,ნაშამ” შიშველი ბარძაყი დაგვანახა, ათასობით გულს და მოწონებას ვუძღვნით უნახავებივით. ვდებთ ჩოხაში გამოწყობილ ფოტოებს, ვმღერით და ვცეკვავთ, ან გაშლილ სუფრებთან ,,ვლომობთ” ქართული პოზიორობით. პოლიტიკოსები გულზე ხელს იბაგუნებენ საქართველოს სიყვარულით და ,,გასაბრწყინებელი” დაპირებებით გვევლინებიან ყოველ არჩევნებზე ,,მამული, ენა, სარწმუნოება” – ს ყიჟინით, რომლებსაც უტვინოებივით ვადიდებთ. ინტელიგენცია ამ პროცესს შემგუუებელი დუმილით უყურებს, ან უკმევს, ხოლო იერარქია ქვეყნის მატერიალურად და სულიერად გამყიდველ მთავრობებს მხარში უდგას. მრევლი მთლად უშრომელი, უღვაწლო და მუქთა სასწაულის მოლოდინშია. ყველანი ერთად კი უფალს იმ საქართველოს გადარჩენას ვევედრებით, რომელსაც თვითონვე ვღალატობთ და დახლზე შემოდებული საქონელივით ვყიდით.

როცა ქართველების ამ დონემდე დაცემაზე ვწერ ხოლმე, თავი სიზმარში მგონია. ნუთუ სულ ეს ვართ, რანიც ვართ? ნუთუ ეს მხოლოდ მწარე სიზმარია და ძილიდან გამოღვიძებაა გამოსავალი? საუბედუროდ, არა. ეს ჩვენ მიერ შექმნილი ის სამარცხვინო დღევანდელობაა, რომელიც უარესზე უარეს ხვალინდელობას გვიქადის როგორც ერს და როგორც გაქრობის წინაშე მდგარ უძველეს კულტურას.

საქართველოს ხანგრძლივ და მრავალჭირნახულ ისტორიაში არ მოიძებნება ამაზე სამარცხვინო ეპოქა. არც რომელიმე ეპოქის ქართველობა იყო ასეთი ანტიქართული და თავისივე სახელმწიფოს მკვლელი როგორებიც დღევანდელი ქართველები ვართ.

ნაადრევად ითქვა დიდი აკაკის ბაგეთაგან სიტყვები – ,,ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო”, რადგან დღევანდელობა ფურთხის ღირსიც აღარ არის, ხოლო რისი ღირსიც არის, სულ მალე იხილავს თავისივე უძღომელობის და მასობრივი სახელმწიფოებრივი ღალატის შედეგად. რასაც ვთესავთ, იმასვე მოვიმკით, ოღონდ გაათასმაგებულად.”