ლიტერატურათმცოდნეს, ისტორიკოსსა და რუსთველოლოგს პავლე ინგოროყვას, სამწუხაროდ, მტრები ჰყავდა, მეტიც – “ადამინები” ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ის მუდამ ჩრდილში დარჩენილიყო
ნანა კობალაძე, ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი:
“გასაოცარია… როგორ სძულდათ პავლე ინგოროყვა, როგორ აშინებდათ მისი ღვაწლი… როგორ ბლოკავდნენ მის კანდიდატურას მეცნიერებათა აკადემიაში ათწლეულების მანძილზე… გაზიარებულ სტატუსში 1983 წლის ამბებია აღწერილი… მაგრამ არსებობს გალაკტიონის ჩანაწერებში შემონახული ამბავიც… პირველად პავლე ინგოროყვას კანდიდატურა მეცნიერებათა აკადემიაში მწერალთა კავშირს წარუდგენია 1955 წელს და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მოთხოვნით უკანვე გამოუთხოვია…
გალაკტიონის ჩანაწერებიდან:
1955. 8 სექტემბერი.
კიბეზე შემხვდა ირაკლი. მითხრა, რომ პირველ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს… მასთან… და არა ჩემთან… (თავმჯდომარესთან). მაშასადამე, რაღაც სერიოზული საქმეა… შეიძლება იყოს შემდეგი გარემოებებიდან:
1. თუ საქმე სალექციო ბიუროს ეხება (ეს იქნება მაღრაძის და კომპანიის ამბების დასაწყისი).
2. თუ საქმე „მოსაწვევ ბარათს“ ეხება… ეს რა ხანია, რაც დაბეჭდილია, მაგრამ არ დაგვირიგებია. შეიძლება დარიგდა, მაგრამ არ მახსოვს.
3. თუ საქმე „გურამიშვილს“ ეხება?
თურმე საქმე სულ სხვაში ყოფილა. ჩვენ რომ აკადემიის წევრობის კანდიდატათ პავლე ინგოროყვა წარვადგინეთ (მწერალთა კავშირმა), ეს არ მოსწონებიათ მაღლა, დაუბარებიათ სამივე მდივანი და უბრძანებიათ: უკანვე წაიღეთ თქვენი წარმოდგენაო. ირაკლიმ გამომიცხადა ეს ამბავი. განგებ კარლო წაეჩხუბა. ე.ი. მე უნდა უკანვე წამეღო, მაღლიდან დაძალებით – ჩვენი კანდიდატურა.
იმარჯვებს ბარამიძე რაღა. იმ 10 დღეს რამაც შესძრა კაცობრიობა, ეს ამბავი არ ეკუთვნის, მაგრამ აჰაა…”
ამირან გომართელი, ლიტერატურათმცოდნე:
“პავლე ინგოროყვას შესახებ გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებში მკითხველს დავპირდი, რომ გამოვაქვეყნებდი წერილს იმის შესახებ, თუ რა მანიპულაციები ჩაატარა კომუნისტურმა ხელისუფლებამ, პავლე ინგოროყვა აკადემიკოსად რომ არ აერჩიათ. ვასრულებ დანაპირებს. ძალზე შემცირებულ–შემოკლებული სახით გადმოვცემ შინაარსს ჩემი წერილისა, რომელიც 2013 წელს დაიბეჭდა ჟურნალში “ცისკარი”.
`წარსული ჰკივის უკუღმართული~
გადამეტებით, ტანჯულ დღეებით
წარსული ჰკივის უკუღმართული
……………………………………………….
ძმა ინგორუყო! პოეტო ადრე
და მერე დარდო წარსულ დიდების.
პაოლო იაშვილი. “პავლე ინგოროყვას”.
უცნაურია რჩეული კაცის ბედი საქართველოში. მას, მართლაც, მოწამებრივი ცხოვრების გავლა უწევს. ამ მხრივ არც პავლე ინგოროყვა იყო გამონაკლისი. ასე რომ, ლექსი, რომელიც პაოლო იაშვილმა ახალგაზრდა პავლე ინგოროყვას 1921 წელს უძღვნა და რომლის ერთი სტრიქონიც ამ სტატიის სათაურად გავიტანე, წინასწარმეტყველურიც კია, რადგან პავლე ინგოროყვას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე თვალის გადავლებითაც დასტურდება მისი მისამართით ნათქვამი თამამი სიტყვები, როცა ის პაოლო იაშვილმა „ჯვარზე გასალტულ წმინდა რჩეულებს“ შეადარა.
პავლე ინგოროყვას სიცოცხლის ბოლომდე, ლამის ბოლო ამოსუნთქვამდე, გააფთრებით ებრძოდნენ ხელისუფალნიც და მისი ლაქია ნომენკლატურული მეცნიერებიც. პავლე ინგოროყვა მათ თვალში მოუთვინიერებელ კაცად და ნაციონალისტად აღიქმებოდა. არადა, სწორედ ამის გამო ეთაყვანებოდა მას პატიოსანი და ზნეობრივი საქართველო. მეტიც, მისი სახელით, რომელიც ზნეობრივ გმირობასთან ასოცირდებოდა, ახალი თაობა ნომენკლატულური ინტელიგენციის დამუნათებას ცდილობდა. სწორედ ასე იქნა აღქმული პავლე ინგოროყვას საღამო, რომელიც 1980 წლის 20 ნოემბერს გამართა უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრემ როსტომ ჩხეიძის ინიციატივით, სწორედ აქ გაისმა აკაკი ბაქრაძის მოწოდება, ქართველმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს პავლე ინგოროყვას აკადემიკოსად არჩევა. ამ მოთხოვნას ყველა ხერხითა და საშუალებით უნდა დაუჭიროს მხარი ჩვენმა ახალგაზრდობამ.
შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: 1983 წლის 28 მარტს, პროფესორმა სერგი ჭილაიამ უნივერსიტეტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაასახელა პავლე ინგოროყვას კანდიდატურა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის ვაკანსიაზე.
ახლა ორიოდე სიტყვით ვიტყვი, თუ რა პრობლემა შეიქმნა ჯერ სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე, როგორ დაუპირისპირდა სამი ფილოლოგი(!) აკადემიკოსი, პავლე ინგოროყვას წარდგენას იმ მოტივით, რომ პავლე ინგოროყვას არ აქვს სამეცნიერო ხარისხი, მეტიც, არ აქვს უმაღლესი განათლების დიპლომიო. არადა, ამგვარ მოთხოვნას მეცნიერებათა აკადემიის დებულება არ ითვალისწინებდა. სხვაგვარად ვერც გალაკტიონ ტაბიძეს აირჩევდნენ აკადემიკოსად და ვერც, მაგალითად, დემნა შენგელაიას.
საბოლოოდ, გაჭრა სერგი ჭილაიას დაჟინებამ, საბჭოს 128 წევრიდან პავლე ინგოროყვას კანდიდატურას ხმა მისცა 125-მა წევრმა.
ხელისუფლება კედელთან იყო მიყენებული, მაგრამ მოულოდნელად შანსი გაუჩნდათ, არ დაეშვათ პავლე ინგოროყვას აკადემიაში არჩევა. დოკუმენტაციის წარდგენის საკითხი უნდა მოეგვარებინა უნივერსიტეტის სწავლული მდივნის სამსახურს. ამ დროს უნივერსიტეტის სწავლული მდივანი მძიმე ავადმყოფი იწვა საავადმყოფოში (მას ფეხი მოჰკვეთეს) და ისე გაირბინა მარტის სამმა დღემ, მერე შაბათ-კვირამ, რომ ორშაბათს, 4 აპრილს, როდესაც დათქმული იყო ბოლო დღე საბუთების წარდგენისა, შედგენაც კი არ იყო დაწყებული. დილით, პრორექტორის თანაშემწემ სერგი ჭილაიას დაურეკა, მოგვეშველეთ, დოკუმენტაციის შედგენაში მოგვეხმარეთო.
იმ დღეს, 11 საათიდამ 5 საათამდე 5 თუ 6 ადამიანი, პრორექტორის სერგო ჯორბენაძის კაბინეტში გამალებით ვმუშაობდით პავლე ინგოროყვას დოკუმენტაციის მომზადებაზე. 5 საათს რამდენიმე წუთი აკლდა, როდესაც სერგო ჯორბენაძემ დაურეკა კანცელარიის გამგეს, დოკუმენტებს გიგზავნითო და გაოცებისგან ყურმილი კინაღამ გაუვარდა ხელიდან. კანცელარიის გამგე ქალბატონი პასუხობდა, რომ ახლა ხუთ საათს რამდენიმე წუთი აკლია და ამ რამდენიმე წუთში კი თქვენ ვერ შეძლებთ საბუთების მოტანას და ხუთს ერთი წუთიც რომ გადასცდეს, საკონკურსო დოკუმენტაციას ვეღარ მივიღებთო. დაიწყო სატელეფონო კამათი. აქედან სერგო ჯორბენაძე უმტკიცებს, თქვენ ექვს საათამდე მუშაობთო, იქიდან ის ქალბატონი არა – ხუთამდეო… მაშინ დავტაცე ხელი ერთად შეკრულ დოკუმენტაციას და გადავწყვიტე მისი სასწრაფოდ წაღება. სერგი ჭილაიამ შემაჩერა, მეც წამოვალო. ლევან მენაბდემაც გამოთქვა წამოსვლის სურვილი. სამივენი ჩემი მანქანით 15 წუთში აკადემიასთან ვიყავით. საათს დავხედე. ექვსის ათი წუთი იყო. ბატონმა სერგიმ და ბატონმა ლევანმა მითხრეს: შენ იჩქარე, გაიქეცი საბუთებიანად და ჩვენც მოგყვებითო. სულმოუთქმელად ავირბინე მესამე სართულზე. კანცელარიის ოთახიდან საუბრის ხმა ისმის, აშკარაა, ოთახში არიან. ვაკაკუნებ, მერე ბრახუნზე გადავედი. მაინც არ აღებენ კარს. ამასობაში გამოჩნდა აკადემიკოს–მდივანიც, რომელმაც ჩემს საქციელს ზუსტი შეფასება მისცა, რატომ ხულიგნობო.
– იმიტომ, რომ ოთახში არიან და კარებს არ მიღებენ. პავლე ინგოროყვას საბუთები მოვიტანე აკადემიკოსის ვაკანსიაზე წარსადგენად.
– დაგვიანებულია და არ მივიღებთ, ხუთ საათამდე უნდა მოგეტანათ. თხასავით გაყიდა თავი აკადემიკოს–მდივანმა. აშკარა იყო, რომ ის აბსურდული არგუმენტი, რომელიც კანცელარიის გამგეს ათქმევინეს, აკადემიის ხელმძღვანელობის მოფიქრებული იყო.
ამასობაში სერგი ჭილაიამ და ლევან მენაბდემაც ამოაღწიეს. უკან მილიციელი მოსდევთ და მოსძახით: არ შეიძლება, სამუშაო საათები დამთავრებულიაო. ფუნქციონერი აკადემიკოსის დანახვაზე უფრო აუწია ხმას. მოკლედ რომ მოვჭრა, მილიციელის დახმარებით გამოგვყარეს. საწყალი, ხან გვეჩხუბებობა და ხან გვემუდარებოდა, წაბრძანდით, ჩემს თავს ნუ მოახსნევინებთო. რა ექნა, ხელფასის დაკარგვისა ეშინოდა.
დავბრუნდით უნივერსიტეტში. ახლა სერგო ჯორბენაძემ, სამოქალაქო სამართლის აღიარებულმა სპეციალისტმა, მოიფიქრა პავლე ინგოროყვას საბუთების ფოსტით გაგზავნა. ფოსტით გაგზავნილზე აღარა აქვს მნიშვნელობა საათებსა და წუთებსო, ღამის თორმეტ საათამდე იმ დღეს გაგზავნილად ითვლება.
ასეც მოვიქეცით, მაგრამ 21 დღე იდო ეს დოკუმენტაცია ფოსტაში. მეცნიერებათა აკადემიამ, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, არ ჩაიბარა გზავნილი და ფოსტამ უკან დააბრუნა უნივერსიტეტში.
მაინც არ ვეგუებოდით ასეთი გამოგონილი და აბსურდული მიზეზით დამარცხებას. ერთადერთი გზა რჩებოდა. ცეკას პირველ მდივანზე, ედუარდ შევარდნაძეზე ზემოქმედება. ედუარდ შევარდნაძისთვის ხმის მიწვდენა მხოლოდ ნოდარ დუმბაძეს შეეძლო, როგორც დაახლოებულ პირს და მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ნოდარ დუმბაძეს უნდა დაერწმუნებინა შევარდნაძე, რომ უმჯობესი იყო პავლე ინგოროყვას აკადემიკოსად არჩევა, ვიდრე საქვეყნოდ თავის მოჭრა, გამოგონილი საბაბით საბუთების მიღებაზე უარის თქმა. ეს სვლა აკაკი ბაქრაძემ მოიფიქრა და საგანგებოდ ინახულა ნოდარ დუმბაძე, მაგრამ ამ უკანასკნელის მცდელობამაც შედეგი ვერ გამოიღო.
საბოლოოდ, ედუარდ შევარდნაძემ საკუთარ თავს მაინც არ უღალატა და სცადა სიტუაციიდან თავის დაღწევა, რაც შესანიშნავად გამოსდიოდა ხოლმე. მართალია, პავლე ინგოროყვას აკადემიკოსად არჩევის საქმეში არ ჩაერია, მაგრამ ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ოქტომბრის ბოლოს, პავლე ინგოროყვას ოჯახში დარეკა და სურვილი გამოთქვა, მისულიყო, რათა გამოჩენილი ერისკაცისთვის საიუბილეო თარიღი, 90 წელი მიელოცა. თუმც ეს ფაქტი უფრო იმ ზეპირი იუმორისტული ნოველიდან ვიცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს შეუთხზავს და აკაკი ბაქრაძემ მიამბო ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეებში, როგორც მისი მეგობრის უკანასკნელი ხუმრობა.
მაშ ასე, 1983 წლის პირველ ნოემბერს პავლე ინგოროყვას დაბადების 90 წელი უსრულდება. ედუარდ შევარდნაძე პირად მდივანს ავალებს, დარეკოს ოჯახში და პავლეს მონახულების უფლება ითხოვოს. მდივან ქალს პავლე ინგოროყვას ძმისწული, გუგული მგელაძის მეუღლე, ქალბატონი ლუიზა პასუხობს ტელეფონზე.
– ბატონი ედუარდ შევარდნაძის დავალებით ვრეკავ. ამ დღეებში, როცა შესაძლებელი იქნება თქვენის მხრივ, ბატონ ედუარდს უნდა მოსვლა, რათა ბატონ პავლეს მიულოცოს საიუბილეო თარიღი.
– მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ რა აზრი აქვს, პავლე ლოგინად არის ჩავარდნილი.
ამ ფრაზას მდივანმა ქალმა ტაქტიანად უპასუხა: – იმედს გამოვთქვამთ, გამომჯობინდება. ჩვენ კიდევ დავრეკავთ.
საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ გუგული მგელაძეს მეუღლემ ამცნო, რომ შევარდნაძის მდივანმა დარეკა და შევარდნაძეს მათთან მოსვლა და პავლეს მონახულება ნდომებია. ისიც უთხრა, მე უარი განვუცხადე, რა აზრი აქვს ახლა პავლეს შეწუხებასო.
გადაირია გუგული. ეს რამ გათქმევინა, მოსულიყო, ნახავდა, რა სივიწროვეში ვცხოვრობთ, ეგებ ბინა მოეცაო. ერთი სიტყვით, კარგა გვარიანად დატუქსა ცოლი. ისიც იძულებული გახდა, დაემშვიდებინა. იმედს ნუ გადავიწურავთ, ხომ მითხრა მდივანმა, ჩვენ კიდევ დავრეკავთო. როცა დარეკავენ, ვეტყვი. რომ მობრძანდეს ბატონი ედუარდი.
იმედმოცემული გუგული პავლეს ოთახში შევიდა და უთხრა, – ედუარდ შეეარდნაძე აპირებს შენს სანახავად მოსვლას, ის აუცილებლად გკითხავს: რით დაგეხმაროთ, ბატონო პავლე? შენ უნდა უთხრა, ეგებ ბინა მოგვცეთ, მეტად სივიწროვეში ვცხოვრობთ მე და გუგული ამხელა ოჯახით.
– კი მაგრამ, სტუმრად მოსულ კაცს ბინა როგორ ვთხოვო?
– აბა, ის უნდა უთხრა, ყოველ მომსვლელს რომ ეკითხები, როგორ არის საქართველოო? მერე, გამომშვიდობებისას რომ აბარებ, მოუარეთ საქართველოსო! ვერ გაიგე, შენი საქართველო ყველას ფეხებზე ჰკიდია! ბინა სთხოვე, ბინა!
ბევრი იდავეს სიძე-სიმამრმა და ბოლოს სიძემ დაითანხმა პავლე ინგოროყვა, ვთხოვ შევარდნაძეს ბინასო.
მერე გუგულიმ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, რამდენად სანდო იყო პავლეს დაპირება და რეპეტიცია გამართა. თმა სხვანაირ ყაიდაზე გადაივარცხნა, საგარეო ტანსაცმელში გამოეწყო და პავლეს ოთახში შევიდა:
– გამარჯობათ, ბატონო პავლე! როგორა ხართ, როგორ ბრძანდებით?
– გუგული ხარ? – იკითხა პავლემ, – არა, ბატონო, ედუარდი ვარ, შევარდნაძე.
– თუ ედუარდი ხარ, გუგულის ხმით რატომ მელაპარაკები?
– რას ბრძანებთ, ნამდვილად ედუარდი ვარ. გუგული არ დამხვედრია სახლში, სამსახურშია. მთავარია, თქვენ როგორ ბრძანდებით? ხომ არ შეგვიძლია რაიმეთი გემსახუროთ? ხომ არაფერი გჭირდებათ?
– არაფერი, ჩემო ბატონო… თუმც ერთი თხოვნა მაქვს მაინც.
– რა, ბატონო პავლე, რას მიბრძანებთ? – გაიხარა გუგულიმ. იფიქრა, გაჭრა ჩემმა დარიგებამ, შეიძლება ამისი ნდობა, ახლა პავლე ბინას მოსთხოვს შევარდნაძესო.
– რა და, – მშვიდად გააგრძელა პავლე ინგოროყვამ, – თუ გუგული მართლა არ არის შინ, გთხოვთ, გუგულის მოსვლამდე მიმიხედოთ საქართველოს. გულწასულ გუგულის, ნოდარ დუმბაძის ვერსის თანახმად, ვალერიანის წვეთებით აბრუნებდა ცოლი.
ცარიელ ნიადაგზე არაფერი იქმნება. ყოველ ხუმრობაში არის სიმართლის ნაწილი. ზემორე მოთხრობილ ამბავში სიმართლე ის არის, რასაც პავლე ინგოროყვას მაღალი ზნეობა, უანგარობა და სამშობლოს გაუნელებელი სიყვარული ჰქვია. ამ სიყვარულის ხაზგასასმელად დასჭირდა ნოდარ დუმბაძეს იუმორისტულ გამონაგონში ისეთი უდანაშაული პერსონაჟის შემოყვანა, როგორიც გუგული მგელაძეა. ვიცი, რომ ჩვენმა ღვაწლმოსილმა ხელოვანმა, რომელმაც კარგად იცის იუმორის ყადრი, ამ ხუმრობის შემთხზველსაც შეუნდო და გამმეორებელსაც.
რაც შეეხება იუმორისტული ნოველის კიდევ ერთ პერსონაჟს ედუარდ შევარდნაძეს, მჯერა მას შინაგანად პავლე ინგოროყვას პიროვნება უფრო ხიბლავდა, ვიდრე ლაქია მეცნიერები. ამდენად, გულის სიღრმეში, არა მგონია, პავლე ინგოროყვას აკადემიკოსობის წინააღმდეგი ყოფილიყო, მაგრამ ისიც იმ დღეში იყო, რა დღეშიც უჩინო, რიგითი მილიციელი, კანცელარიის მოხელე ქალბატონი თუ კონიუნქტურის მსახური აკადემიკოს-მდივანი: მასაც მოხსნა და ჩამოქვეითება ემუქრებოდა. ნებისმიერი საბჭოთა მოქალაქის საქციელს, რიგითი მილიციელით დაწყებული, რესპუბლიკის კი არა – საკავშირო ცკ-ის მდივნით დამთავრებული, ერთი უხილავი და უპიროვნო ძალა – შიში წარმართავდა. ამის ნათელსაყოფადაც გავიხსენე დუმბაძისეული შინაგანი ოპტიმიზმით განათებული იუმორისტული გამონაგონი, რომელიც ამქვეყნიური ყოფის დასასრულის ჟამსაც კი პავლე ინგოროყვას სულიერ სიმტკიცეზე მეტყველებს. ეს ისეთი ლეგენდაა, რომელიც სინამდვილესთანაც ახლოსაა, მაგრამ მაინც მასზე აღმატებული და შთამბეჭდავია. ამიტომ, ვფიქრობ, მომეტევება ერთგვარი მკრეხელობა, მხიარულ ნოტაზე რომ ვამთავრებ იმ დრამატულ ამბავს, რასაც კომუნისტური რეჟიმის მიერ სიცოცხლის ბოლომდე პავლე ინგოროყვას დევნა-შევიწროება ჰქვია და რომელიც, საბოლოოდ, ღირსეული ერისკაცის ზნეობრივი გამარჯვებით დამთავრდა.”
