მსახიობმა ნინო ბურდულმა საამაყო გადაწყვეტილება მიიღო – თავის პარტნიორს სპექტაკლში “ყოფილების სარეცელი” კუთვნილი ჯილდო გაუყო. სპექტაკლი კინოსმახიობთა თეატრში რეჟისორმა კახაბერ შარტავამ დადგა. მასში ნინო ბურდული და გიორგი ჩაჩანიძე მონაწილეობენ. გიორგი საპროტესტო აქციების დროს გოგონას გამოსარჩლებისთვის დააკავეს და 10-დღიანი პატიომრობა მიუსაჯეს.
ნინო ბურდულს თეატრალურმა საზოგადოებამ 14 იანვარს – ქართული თეატრის დღეს – ქალის საუკეთესო როლისთვის პრემია მიანიჭა. ჯილდო მან სპექტაკლში “ყოფილების სარეცელი” ნანას როლის შესრულებისთვის მიიღო.
კახაბერ შარტავა, სპექტაკლის რეჟისორი:
“ნინო ბურდულმა მისი ჯილდო, რომელიც მიიღო სპექტაკლში “ყოფილების სარეცელი” მის პარტნიორს მსახიობ გიორგი ჩაჩანიძეს გაუყო. მიყვარხართ ორივე!”
ნინო ბურდული, მსახიობი:
“14 იანვარს ქართული თეატრის დღეს, მე გადმომეცა ჯილდო ამ სპექტაკლში ნანიკოს როლის შესრულებისთვის. საქმე იმაშია, რომ იმ დღეს ჩემი საყვარელი პარტნიორის, უკვე მეგობრისა და კოლეგის სასამართლო იმართებოდა – მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს დაკავებული გიორგი ჩაჩანიძის სასამართლო. ამიტომ თეატრალური საზოგადოებიდან მე პირდაპირ ჩემს მეგობრებთან ერთად გავეშურე სასამართლოზე იმ განზრახვით, რომ ჩემი ჯილდო გამეყო მისთვის. ეს მე მაშინ ვერ მოვახერხე, ამიტომ დღეს მე თქვენს წინაშე დიდი სიხარულით ვუყოფ ამ ჩემს ჯილდოს ჩემს ღირსეულ პარტნიორს, ღირსეულ მოქალაქესა და ღირსეულ ადამიანს!”
