მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ქართულ საზოგადოებას საგანგებო მანიფესტით მიმართავს:
“რეალობას გავუსწოროთ თვალი და ხმამაღლა ვილაპარაკოთ იმაზე, რაზეც ლაპარაკი ბევრს ერიდება, უჭირს, თითქოს დამნაშავეები ვიყოთ. დამამცირებლად მიგვაჩნია თუკი ვიტყვით რომ გვშია, გვწყურია, არ გვაქვს წამლის ფული, არ გვაქვს სწავლის ფული, გვიჭირს ოჯახების რჩენა – ეს სიღარიბეა, პრობლემა რომელსაც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით და მერე თავად ვუწყობთ ხელს სახელმწიფოს, რომ ვერ დაგვინახოს, გვერდი აგვიაროს, ჩვენი სიამაყით ისარგებლოს. არადა აქ, ამ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი საარსებო შემწეობას იღებს. აქ, ამ ქვეყანაში მაღალი ტრიბუნიდან ეკონომიკურ წინსვლაზე გველაპარაკებიან, ცხოვრების დონის ამაღლებაზე და ვერც კი ამჩნევენ სამათხოვროდ გაწვდილ გალეულ ხელებს. აქ, ამ ქვეყანაში ბედავენ და არ ერიდებათ ოლიგარქის ქონებაზე იღელვონ და თქვენც გაიძულებენ ამაზე იდარდოთ, ტყუილებით გაბრუებენ და არც კი აღელვებთ როგორ ირჩენს თავს უაღრესად გაჭირვებული ადამიანი და როგორ არჩენს მის ოჯახს იმიტომ რომ სახელმწიფოსთვის ასეთი ადამიანები დიდი თავის ტკივილია. იმიტომ რომ გაჭირვებული ადამიანები მათ მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებათ, ისიც დროებით, სანამ გაიმარჯვებენ. აქ, ამ ქვეყანაში უმუშევრობას სპეციფიური მეთოდებით ებრძვიან, კი, რეალური ქარხნები ვერ აამუშავეს, თუმცა წარმატებით ხსნიან სამუშაო ადგილებს თავისივე შექმნილ ტროლ-ბოტების ქარხნებში. აქ, ამ ქვეყანაში ფულის სანაცვლოდ ენერგიას ახარჯინებენ ერთმანეთის ლანძღვაში, ზიზღს თესავენ, რადგან სინამდვილეში ეშინიათ, რომ რეალურმა საღმა აზრმა სადმე არ გაიელვოს სამართლიანი მოთხოვნით. აქ, ამ ქვეყანაში ბედნიერები იქნებიან თუკი გავქრებით, აღარ ვიარსებებთ, თავს არ შევახსენებთ გაუთავებელი პრობლემებით, გაძვირებული ფასებით, უმუშევრობით, ურჩევნიათ ყურადღება სხვა რამეზე გადაგატანინონ, ოღონდ არავინ ილაპარაკოს რეალურ პრობლემებზე, ოღონდ არავის წამოცდეს და ოღონდ არავინ დაძრას კრინტი სიღარიბეზე. აქ, ამ ქვეყანაში 600.000-ზე მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ამ ქვეყნისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია იმისთვის, რომ ვერ დაინახონ, იმისთვის, რომ ვერ გაიგონონ, იმისთვის, რომ ეშინოდეთ ამ ადამიანების ხმის ამოღების. აქ, ამ ქვეყანაში იღებენ კანონებს, რომლებიც ყველა ჩვენგანის დადუმებას ისახავს მიზნად. არადა როგორ უნდა დადუმდეს ყოველი მერვე მოქალაქე, რომელიც სიღარიბის მიღმაა. აქ, ამ ქვეყანაში პენსიონერს პენსიას 35 ლარით უზრდიან და მადლობას ელიან. მაშინ როდესაც თავად ათასებსაც არ სჯერდებიან. აქ, ამ ქვეყანაში ბავშვი შემწეობად 200 ლარს იღებს, თუმცა პრემიერ მინისტრი 14.600 ლარამდე იზრდის ხელფასს. მარჩენალდაკარგულს ეუბნებიან, რომ თვეში 100 ლარით უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე თვეში 14.600 ლარამდე იზრდის ხელფასს. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის 195 ლარს იმეტებენ, როცა პარლამენტარს 11.680 ლარამდე უზრდიან ხელფასს. აქ, ამ ქვეყანაში ომის ვეტერანებს იმ ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომლისთვისაც იბრძოდნენ, რომლისთვისაც თავს აკლავდნენ, 100 ლარს სთავაზობენ და იქვე მინისტრები 12.410 ლარამდე იზრდიან ხელფასს. აქ, ამ ქვეყანაში ამ ქვეყნის დევნილებს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სადღეგრძელოების მთქმელნი 45 ლარად აფასებენ, თუმცა საპენსიო სააგენტოს დირექტორს ხელფასს 14.500 ლარამდე უზრდიან…
ეს სია გრძელია, თუმცა ეს სია არც თქვენთვის, არც ჩვენთვის არ არის, მხოლოდ საკუთარ თავზეა გათვლილი ისევე, როგორც ყველა მათ მიერ მიღებული კანონი. მათ ქვეყნის წინაშე დანაშაულისთვის ასანქცირებენ და ახალი კანონით ისევ ჩვენ გვძარცვავენ, დასანქცირებულ მილიონერს ისევ ჩვენი ფულით სთავაზობენ დახმარებას და მერე ყველას ჩვენ, აი, ამ ყველაფერზე გვეუნებიან, გიხაროდენ! აქ, ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ბიუჯეტი საკუთრად მიაჩნიათ, საჯარო მოხელე – მონად, რომელიც თავისი ხელფასის საფასურად უნდა დადუმდეს და იყოს მორჩილი. საჯარო მოხელის ხელფასი ქრთამი არაა და არც სახელმწიფო ბიუჯეტია ვინმეს პირადი ჯიბე. აქ, ამ ქვეყანაში ხელისუფალნი საკუთარ ხალხთან ომით დაკავდნენ, ომით, რომელსაც მშვიდობად ასაღებენ. ასეთ ომში და მშვიდობაში სიღარიბე აბა რა მოსატანია?! სიღარიბე არაა სამარცხვინო, სამარცხვინოა ამ სიღარიბემდე ადამიანების მიყვანა. ჰოდა, ახლა ადექი და კითხვა დასვი: რატომ არის მტერი ყველა, ვინც ამაზე იწყებს ლაპარაკს? დასვი კითხვა: რაში სჭირდება და რაში აწყობს ხელისუფალს ღარიბი ხალხი?! მე არ მენდო. დასვი კითხვა, მიმოიხედე და საკუთარ თავს დაუჯერე და მიხვდები, რომ მოვიდა დრო, ხმა ამოიღო და თქვა, რომ სოციალურ პრობლემებზე ჩვენ აღარ გავჩუმდებით. ახლა ჩვენი დროა ვუთხრათ: გიხაროდენ! ჩვენ გავიღვიძეთ! არ გავჩერდებით! არ გავჩუმდებით! არ დავიღლებით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველო და ეს ქვეყანა ჩვენია!”
