სერგო ქობულაძის გენიალური ფარდის დაუჯერებელი ამბავი

ალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, რომ მხატვარმა სერგო ქობულაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრისთვის გენიალური ფარდის შექმნას 4 წელი მოანდომა – 3 წელი ესკიზებს ხატავდა, 11 თვეში კი ესკიზი სრულიად მარტომ  დაასრულა.

რადიშ თორდია – მხატვარი:

“სტუდენტი ვიყავი, როცა ბატონი სერგო ფარდას ხატავდა. ოპერის სახელოსნოშიც ნამყოფი ვარ და ჩემი თვალით მინახავს, როგორ ასრულებდა ოსტატი სამუშაოს. როცა ფარდა პირველად ოპერაში მაყურებელმა ნახა, მთელი დარბაზი გაირინდა. ეს იყო გასაოცარი ქმნილება, მასზე შთამბეჭდავი მანამდე არაფერი მეხილა.

კარგად მახსოვს, პარასკევი დღე იყო და იმავე საღამოს ჩემმა მომავალმა მეუღლემ, რომელიც ჩემსავით აკადემიის სტუდენტი იყო, მითხრა, ბატონ სერგოსთან მივსულიყავით და მიგველოცა, თუმცა მე სასტიკად ვიუარე, ვუთხარი – მხატვარი ისედაც მილოცვებით თავმობეზრებული იქნება და ჩვენც ნუ დავღლით-მეთქი.

ორშაბათ დილას აკადემიაში მისულს საცოლემ უკვე აღარ დამიჯერა და მხატვართან მისალოცად წასვლა გადაწყვიტა. რა გაეწყობოდა, მეც გავყევი… ბატონ სერგოს სტუდენტები შემოვეხვიეთ და გულწრფელად მივულოცეთ, ნამუშევარი შევუქეთ და მადლობაც გადავუხადეთ. იქვე მოვუბოდიშე და ვუთხარი, – ალბათ თავმობეზრებული იქნებით ამდენი მოლოცვით-მეთქი. ნაღვლიანად შემომხედა და ასე მიპასუხა: – თქვენ პირველი ხართ, ვინც მომილოცეთ. მთელმა შაბათმა და კვირამ ისე ჩაიარა, არავის დაურეკავს, არავინ მოსულა, არავის უთქვამს კეთილი სიტყვა. კვირა დილას კი იმედი გადამეწურა და მეუღლე გავუშვი ოპერაში ფარდის სანახავად, მეგონა, დაიწუნეს და ალბათ ჩამოხსნეს კიდეც-მეთქი…”