პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედების გაცნობისას – ლექსის კითხვის დაწყებისას რომ ჩაისუნთქავ, სანამ არ დაასრულებ, ამოსუნთქვა გავიწყდება:
“მიყეფავს ძაღლი – იყეფოს…
წესი ეგ არის მყეფარის,
ჯოხი არა მაქვს –
ბილიკზე ქვას დავეტანე შეფარვით.
ძაღლი დაიძრა,
ჩვენ შორის
მანძილს თანდათან ამოკლებს,
მოვიდა, გვერდით დამიდგა
და ქვიან ხელზე ამლოკა.
მუხლებზე ჩაჯდა,
ჭკვიანი,
თბილი თვალებით მიყურებს,
შემრცხვა, ქვა დავდე, ავტირდი,
ძაღლისნაირად ვიყმუვლე…
თურმე ამ ნასოფლარებში
მხოლოდ დრო დადის გულგრილად.
ძაღლს ცრემლი მოსწყდა,
თვალებზე ნაღველმა გადაურბინა,
და გატრიალდა,
უკანვე მძიმე ნაბიჯით წავიდა,
მივყევი, ფიქრნი ნისლივით
გადმოდიოდნენ თავიდან.
წინ ძაღლი, უკან მივყვები,
ფიქრით ორივე დავმძიმდით,
გავცდით ნასოფლარს,
ერთმანეთს
გულამღვრეულნი დავცილდით.
ის – ნიშნად დამშვიდობების
შემაძრწუნებლად იყმუვლებს,
ჟანგისფერ ნასახლარებში
აფრთხობს დროსა და სიყრუვეს.”
