თეატრისა და კინოს გამორჩეულ მსახიობთან ნოდან მგალობიშვილთან დაკავშირებით საუკეთესო იდეა გააჟღერა ჟურნალისტმა, არქიტექტურათმცოდნეობის დოქტორმა ნანა ჭრელაშვილმა. მან პეტიცია შექმნა, სადაც 10000 ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ თბილისში ნოდარ მგალობლიშვილის მიერ განსახიერებული ჰაკი აძბას ძეგლი დაიდგას, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ოდა:
“ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის და სხვა მრავალი ქართული თუ უცხოური ჯილდოს მფლობელის, საზოგადო მოღვაწისა და ღირსეული ადამიანის – ნოდარ მგალობლიშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია 150-მდე თეატრისა და კინოროლს მოიცავს. მის სახელთანაა დაკავშირებული ,,მარჯანიშვილელებთან“ ერთად რუსთავის თეატრის დაარსება. მარჯანიშვილის თეატრში კი მან ეპოქალური მნიშვნელობის როლები განასახიერა. განსაკუთრებული როლი შეიტანა უკრაინულ, რუსულ კინოში. მისი განსახიერებული გრაფი კალიოსტრო ფილმში ,,სიყვარულის ფორმულა“ ლეგენდად იქცა.
ნოდარ მგალობლიშვილის მიერ შესრულებულ როლებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰაკის გმირს თემურ ჩხეიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში ,,ჰაკი აძბა“. მარჯანიშვილის თეატრში განხორციელებული ლეო ქიაჩელის ნაწარმოები ,,ჰაკი აძბა”აფხაზურ-ქართულ ურთიერთობის ერთგვარ ოდად იქცა. ნოდარ მგალობლიშვილის მიერ განსახიერებული აფხაზი ძუძუმტის თავგანწირული, ღირსეული ჰაკის სახე შეიძლება გახდეს გენიალური მსახიობის ძეგლის შექმნის მთავარი ინსპირაცია. აღნიშნული იდეის განხორციელება, მნიშვნელოვანი იქნება არამხოლოდ არტისტის სახელის უკვდავსაყოფად, არამედ იქცევა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მარადიულ ძეგლად.”
