გოდერძი ჩოხელის ძვირფასი წერილი რეზო ინანიშვილზე

მწერალმა გოდერძი ჩოხელმა კოლეგას რეზო ინანიშვილს ძვირფასი წერილი მიუძღვნა:

“ცხონებული რეზო ინანიშვილი ხშირად მეუბნებოდა, ნუ კლავ შენი მოთხრობების გმირებს, ცოცხალი დატოვე, ან სიკვდილი რა შესაყვარებელიაო.

მე ავუხსენი, რომ სიკვდილში ცუდი არაფერია, გმირებს კი შეგნებულად ვიმეტებ, ამით გული მეტად დაგვწყდება და უფრო შეგვიყვარდება სიცოცხლე-მეთქი.

სიცოცხლე და სიკვდილი ძმები, ღვთის შვილები არიან, სიცოცხლეც, სიკვდილის მსგავსად, ღმერთის გაჩენილია. მაგრამ რა არის სიკვდილის შემდგ, რომ არ ვიცით? ვაითუ, არაფერი იყოს… ხშირად შევუპყრივარ შიშს, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდნილვარ.
ეს საკითხი ყველაზე მეტად მაშფოთებს. თუ სიკვდილის შემდეგ აქაური ყოფის გაგრძელება არ იქნება, თუ არ მემახსოვრება მეგობრები, ისინი, ვინც მიყვარდა, ვისთანაც ჩემი ცხოვრების ლამაზი წუთები გამიტარებია, მაშინ რაღა აზრი აქვს საერთოდ აქაურ ყოფას?

ვოცნებობ, იმქვეყნად ვნახო ჩემი საყვარელი ადამიანები: თამარ მეფე, ვაჟა-ფშაველა, ბებია… ასე რომ მენატრება და იმედსაც არ ვკარგავ. წარსულიდან შეიძლება რაღაც დაივიწყო, მაგრამ საერთოდ მისი დავიწყება, მართლაც სიკვდილის ტოლფასი იქნება.

რეზო ინანიშვილი ვახსენე. მისმა მეუღლემ მწერლის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე მიამბო. რეზოს გამოჰღვიძებია და უკითხავს: სად წავიდნენ, სად გაქრნენ ჩემს საწოლზე მსხდარი ულამაზესი გოგონები, სამნი რომ იყვნენო…

მერე კედლისკენ გადაბრუნებულა და ჩუმად უთქვამს: ღმერთო, გმადლობ, რომ ასეთი სილამაზე მაჩვენეო.

ცოტა ხანში გარდაცვლილა…

ისე მოკვდა, საქართველომ ვერ გაიგო. ძალიან დამწყვიტა გული. შეიძლება ითქვას, შვილივით ვყავდი. მისთვის ბოლო ახალ წელიწადს მე და ამირან არაბული ვესტუმრეთ, მივულოცეთ, ორთავეს მოთხრობების კრებული გვაჩუქა და წამოსვლისას ღიმილმორეულმა დაგვარიგა: ეგ წიგნები დამალეთ, ქვედა სართულზე მწერლები ცხოვრობენ და იტყვიან, რეზოს თავისი წიგნები გაუსაღებიაო.

კინოსტუდიაში მისი მუშაობისდროინდელი მოგონებაც ვიცი. ძია საშამ მიამბო, 90 წლის მოხუცმა. ერთხელ აკანკალებული, აღელვებული მისულა რეზო კინოსტუდიაში, გამყიდველმა მომატყუაო. ძია საშას უკითხავს, შენაო მგლებს ეკუთვნი თუ ცხვრებსაო. შემკრთალა – მგლებთან რა საქმე მაქვსო. მაშინ უთქვამს ძია საშას ღიმილით : ხომ იცი, რომ ცხვრებს კრეჭენ, რადგან მგლობა არ გინდა, გაკრეჭაც უნდა აიტანოო.

დამშვიდებულა და ამ სიტყვების პასუხად მიუგია: სჯობია, მომატყუონ, ვიდრე მგელი ვიყოო…

მგელი ვახსენე… ამ სახელწოდების რომანის გამოქვეყნების შემდეგ, ბევრმა მითხრა, მეშინოდა, რომ ვკითხულობდიო. რომანს ზაფხულში ვწერდი, ნინო და ბავშვები შინ არ იყვნენ, ღამღამობით მეც შიში მიპყრობდა ხოლმე.

ამ წიგნში მაშინვე ვამბობდი, მოვა დრო, ადამიანები გამოვლენ ბუჩქებიდან, ნამდვილ სახეს, ნამდვილ ბუნებას გამოაჩენენ, რადგან ბევრ ადამიანშია დამალული მგელი-მეთქი. ასეც მოხდა, საქართველოში დატრიალებული ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, არეულობასა და განუკითხაობაში, არცთუ ცოტამ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე. მერე კი ისევ ბუჩქებში შეიმალნენ. მალე იქნებ კრავებადაც მოგვევლინნონ.

დღეს სულიერი სიმშვიდის მოპოვებაა მთავარი, მაგრამ ძნელი კია, როცა ერს უჭირს, შენი თანამემამულენი შიმშილისგან თავის დასაღწევად ქუჩაში დგანან, როცა განახევრებული საქართველოს დარდი არ გაძინებს, ვერ იქნები მშვიდად და ფასეულსაც ვერაფერს შექმნი. რაღაცამ ბიძგი უნდა მოგცეს, ძალა შეგმატოს, რომ მაგიდას მიუჯდე, მაგრამ იმდენად დამთრგუნველია, პირადად ჩემთვის, რეალობა, ამ ძალას უკვე ვეღარ ვპოულობ…”