რაფაელისა და მიქელანჯელოს საოცარი ამბავი

გენიალური ხელოვანების რაფაელისა და მიქელანჯელოს ცხოვრებიდან ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ამბავი ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ გაგვიზიარა:

“რაფაელი და მიქელანჯელო ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, თუმცა ორივე ურთიერთის ხელოვნებას დიდ პატივს სცემდა! ერთხელ რაფაელმა რომში მდიდარი ვაჭრის სახლი მოხატა და დასრულებისთანავე დათქმულზე ერთჯერ მეტი მოითხოვა. ვაჭარმა კატეგორიულად იუარა. მალე დავა მთელ ქალაქს მოედო და ამიტომაც მის მოსაგვარებლად დამოუკიდებელი არბიტრის მოყვანა გადაწყვიტეს. ვაჭარმა კარგად იცოდა რაფაელისა და მიქელანჯელოს შუღლის ამბავი, ამიტომაც დავის გადასაწყვეტად ეს უკანასკნელი მოიწვია. მივიდა დიდოსტატი სასახლეში, დაათვალიერა კედლები და სიამოვნებისაგან ამოიხვნეშა. მან ვაჭრის გასაოცრად რაფაელის შემოქმედება ორჯერ უფრო ძვირად დააფასა. ასე იქცევიან ღირსეულები, რადგან ღირსება ქიშპსაც უხდება!”