მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ცხოვრებაში არაერთი დაუვიწყარი ისტორიაა.
“არტ ინფო” გიზიარებთ ხელოვანის საოცარ ამბავს, რომელიც მის ბავშობასთან ერის დაკავშირებული:
“ვერაზე, კობის ქუჩაზე დავიბადე. 4 კილო და 600 გრამი და 58 სანტიმეტრი ვიყავი. დედაჩემს რომ უნდა ემშობიარა, ექიმს უთქვამს, ამ შაბათ-კვირას მაცალე, აგარაკზე მივდივართ მეგობრები საქეიფოდო. მაგრამ დედამ ვერ მოითმინა და 12 ივლისს დაეწყო ტკივილი. დადიოდნენ ჩვენი ოჯახის წევრები და სხვადასხვა აგარაკზე ეძებდნენ ექიმს. ვერ იპოვეს და ბოლოს, ექთანმა ამშობიარა. რაც შეეხება სახელს, პაპაჩემის სახელი მქვია. საერთოდ, ჩვენს ოჯახში პირველ შვილს გიორგის, ან ნიკოს არქმევდნენ. დიდი იმედი მაქვს, თუ ბიჭი ეყოლება, ჩემი შვილიც ნიკოლოზს დაარქმევს.
ბებიებმა ისე გამათამამეს, რომ ჩემით წყალსაც არ დავისხამდი. ეს კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ, ალბათ, ჭირვეულიც ვიყავი, რადგან ყველაფერს უსიტყვოდ მისრულებდნენ.
იარაღზე ვგიჟდებოდი. სახლში უამრავი თოფი მქონდა და როცა მეკითხებოდნენ, რა გინდა, რომ გაჩუქოო, მაშინვე თოფს ვითხოვდი. კიდევო, როცა მეკითხებოდნენ, კიდევ თოფი-მეთქი, ვეუბნებოდი. ეს, ერთი მხრივ, კარგიც იყო. ბავშვობაში იმდენად კარგად შევისწავლე იარაღი, რომ როცა ჩემი ტოლები იარაღით “თამაშს” იწყებდნენ, მე ის აღარ მაინტერესებდა.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ერთი თამაში, რომელსაც “კარტოფილის გამყიდველი” ერქვა. ჩემს ბავშვობაში კარტოფილს ეზოებში დაატარებდნენ ხოლმე და მე ის ტომრიანი კაცი ისე მომწონდა, სულ მინდოდა, მისთვის მიმებაძა. ავიღებდი პარკს, ჩავყრიდი შიგ ვერცხლის კოვზებსა თუ სხვა ნივთებს და ორსაათიანი თრევის შემდეგ ფანჯრიდან ვაგდებდი. დედა ზოგ რაღაცებს პოულობდა, მაგრამ ბევრი რამ იკარგებოდა.
ასეთი აღსაზრდელი შვილი რომ მყოლოდა, როგორიც მე ვიყავი, ალბათ, ჩემი ხელით დავახრჩობდი, ან თავს მოვიკლავდი. მტირალა, საზიზღარი, განებივრებული, ცუდი, შესაბამისად, უზრდელი ბავშვი ვიყავი. მეზობლებს სულ ფანჯრებს ვუმტვრევდი, ვხულიგნობდი, მანქანის საბურავებს დანით ვხვრეტდი, ქვებს ვისროდი. წყნეთში ხანძარიც გავაჩინე. მე და ჩემი მეგობარი კოტეჯში შევიპარეთ, სადაც არავინ ცხოვრობდა. გათბობა გვინდოდა, ლეიბს ცეცხლი წავუკიდეთ და კინაღამ ყველაფერი გადავბუგეთ.
როცა შენიშვნას მაძლევდნენ, ვპასუხობდი: მე ვარ “მავნე და უზნეო!” რატომ აქვთ ბავშვებს ეს ეგოიზმი, არ ვიცი. ალბათ ჰგონიათ, რაც უფრო ცუდად მოიქცევიან, მით უფრო დამოუკიდებლები იქნებიან.
დღემდე კოშმარად მახსოვს, როგორ მაცმევდნენ. დედაჩემი მუსიკის პედაგოგია და მისი ერთი სტუდენტი მომწონდა. თურმე, დედა დასახმარებლად მას ურეკავდა. ბაგა-ბაღში სულ პატარა ძალიან ვუყვარდი თამარა მასწავლებელს და მუდამ კალთაში ვეჯექი. სხვა ბავშვებს ეს არ მოსწონდათ, ეჭვიანობდნენ. ერთხელ დედამ მკითხა, ნეტა, რატომ უყვარხარ ასე თამარა მასწავლებელსო. ” ძალიან ლამაზი ვარ და იმიტომ” – არ დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე. ცისფერი თვალებითა და ოქროსფერი კულულებით, ეტყობა, ცოტა “ანგელოჩკის” იერი მქონდა…
პირველად სკოლაში, რა თქმა უნდა, დედამ წამიყვანა, ოღონდ მართალი გითხრათ, იქ სწავლა სულაც არ მინდოდა. ახალ გარემოს დღემდე ძნელად ვეგუები და მაშინ უფრო მიჭირდა. მასხსოვს, ატირებული კლასში რომ შევედი, ერთ მერხზე ოთხი ბიჭი იჯდა და ხმამაღლა ამბობდნენ, აქ ისინი ვსხედვართ, ვინც არ ვიტირეთო და იმ ოთხმა არ მიმიღო.
კარგი, ბეჯითი მოსწავლე არასოდეს ვყოფილვარ. საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული ლიტერატურა მიყვარდა. საშინლად ზარმაცი და ცელქი ვიყავი. ერთხელ ოთხი საშემოდგომო გამოცდა გამომყვა. ქიმიის მასწავლებელს გაკვეთილზე გალაკტიონის ლექსი წავუკითხე და ნიშანი ისე დამიწერა. კლასში “დიმაუშკის” შეგდებიდან დაწყებული, “დიდი აფეთქებებით” დამთავრებული ყველაფერი მიკეთებია. სულ მშობლებს იბარებდნენ. ერთხელაც გამაგდეს. სხვა სკოლაში გადავედი, იქიდანაც გამომაგდეს. არანაირად არ მაღელვებდა და მაინტერესებდა ეს ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდი, რომ სახლში ამისთვის არავინ დამსჯიდა. მე სხვა რაღაცებისთვის მსჯიდნენ. ცემა მაინცდამაინც არ იცოდნენ ჩემმა მშობლებმა, მაგრამ მომხვედრია და არაერთხელ. მთავარი მაინც მორალური დასჯა იყო, როდესაც შემარცხვენდნენ, ეს არ შეიძლებაო. ეს უფრო მოქმედებდა, ვიდრე ტაკოზე ხელის წამორტყმა. მსჯიდნენ ენატანიაობის გამო. ბავშვი გულუბრყვილოა, რაც ხდება, იმას ამბობს და ვერ აცნობიერებს, რომ ამ დროს შეიძლება სხვას მიაყენოს ზიანი. ამიტომ ისე უნდა აღზარდო, რომ გულუბრყვილობიდან მომდინარე ცუდი თვისებები გაუქარწყლო.
ბავშვობიდან დავდიოდი ცურვაზე, ჩოგბურთზე, ფეხბურთზე, მერე უკვე კრივზე. არასდროს მინდოდა სპორტსმენი გავმხდარიყავი, თუმცა ფეხბურთი და კრივი განსაკუთრებულად მიყვარდა. კრივი ვაჟკაცური, კაცური სპორტია, ჯენტლმენური, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზიც. ფეხის დარტყმა არ შეიძლება არც წელს ქვემოთ, არც ზურგში. ილეთები ქუჩაში არასდროს გამომიყენებია. ძალისმიერ სპორტს ერთი თვისება აქვს, იმდენად იხარჯები, რომ თავდაჯერებული ხდები და ქუჩაში ამის გამოყენება აღარ გჭირდება.
ვის ცხოვრებაშიც ქუჩა დიდ როლს თამაშობს, ის დღემდე ქუჩაშია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ცოტა სხვანაირად იყო. იყო ჩხუბები, “სტრელკები”, გარჩევები, უბანი უბანზე მოდიოდა, ომი და თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა… თუმცა, ამ პერიოდს პარალელურად თან ახლდა წიგნებთან ურთიერთობაც. ქუჩა – ოჯახი, ჟარგონი – ლიტერატურული ენა, ყოველთვის დაბალანსებული იყო. ქუჩას თავისი დადებითი აქვს ის, რომ მშიშარა არ ხარ. ალბათ, ჯობია, უფრო ხშირად მოგხვდეს, ვიდრე შენ მოარტყა. ესეც ერთგვარი გაკვეთილია.
რა მახსენდება ცუდად? ეს საშინელება იყო… იმდენად თავხედი ვიყავი, რომ მეხუთე კლასში ჯიბეში დანა ჩავიდე. არ მახსოვს რა მიზეზით, ერთმა ბიჭმა დამცინა თუ შემაგინა, მაგრამ ჩემი შეყვარებულის დასანახად იმ ბიჭს დანა ფეხში გავუყარე. მილიციამ რომ განყოფილებაში წამიყვანა და გალიაში ჩამსვეს, ჯერ საშინლად შემეშინდა, მერე დედა მოვიდა და რომ წარმოვიდგინე ჯეჯი გაიგებდა… ძალიან განვიცადე. შემდეგ შიშმა გადამიარა და ძალიან ცუდი, დიდი სიცარიელის გრძნობა დამეუფლა.
მსგავსი განცდა კიდევ ერთხელ გამიჩნდა და სწორედ ეს გახდა კრივის მიტოვების მიზეზი. კრივში ერთ-ერთ შეჯიბრებას სპარიგნი ჰქვია, სინამდვილეში წვრთნაა, სადაც მოწინააღმდეგეს მსუბუქად ურტყამ. ერთ ასეთ წვრთნაზე ჩემს პარტნიორს მოვერიე, რომელმაც დანებების ნიშნად ხელები აწია. ასეთ დროს ჩერდები, მაგრამ არ ვიცი რატომ, ცხოველი რომ სისხლის სუნს იგრძნობს, ისე დამემართა – ბოლომდე ვურტყი, იმდენი, რომ წავაქციე. ის, რაც ამ შეხვედრის მერე ვიგრძენი, არასდროს დამავიწყდება – დიდი სიცარიელე, საკუთარი საქციელის შემრცხვა. მას შემდეგ მსგავსი შეგრძნება არასდროს გამჩენია და ბედნიერი ვარ. ეს ორი სამარცხვინო ეპიზოდი რომ არა, ცხოვრებაში, ალბათ უფრო მეტ შეცდომას დავუშვებდი. წაქცეულისთვის წიხლის დამრტყმელი, მჩაგვრელი არასდროს ვყოფილვარ.
სიგარეტი ადრე გავსინჯე, მაგრამ მწეველი გვიან გავხდი. “პლანიც” ადრე, 12 წლის ასაკში მოვწიე პირველად და მომეწონა. ყმაწვილობაში ყველაფერი გასინჯული მაქვს. არ ვიყავი ისეთი ტიპი, რომელიც რაღაცებს ერიდებოდა. მერე ერთ დღეს მივხვდი, რომ ვეღარ “ვკაიფობ”, ის მდგომარეობა არ მსიამოვნებს და გადავაგდე. წამლის გამო სახლიდან არაფერი გამიყიდია, არც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩამიდენია. მრცხვენია, მაგრამ ბიჭობაში მანქანიდან მაგნიტოფონებს ვიპარავდით. კიდევ მოდაში იყო 24/10-ის საბურავების “კალპაკები”.
მახსენდება ჩემი თავხედური ნაბიჯი – მეორე კურსზე სწავლა მივატოვე და ლენინგრადში წავედი. იქ ცუდის მეტი, მგონი, არაფერი გამიკეთებია: მეგობრებთან ერთად ვერთობოდი… დასალევი… მოსაწევი… ფულიც ვიშოვე, მოკლედ, “ვგულაობდი”… თუმცა, მთლად ასე არ ყოფილა, ხელოვანთა წრეშიც მქონდა ურთიერთობები. მაგრამ მერე ყველა და ყველაფერი მომენატრა და თბილისში დავბრუნდი.
კიდევ ერთი ცოდვა გამახსენდა. კონსტანტინე გამასახურდიას ხელმოწერილ წიგნს რომ გაიტან და გაყიდი, ქურდობაა, აბა რა?! მაშინ სახლში ვერ მიხვდნენ. მერე მე გავიზარდე, ისინი დაბერდნენ და ვერაფერი მითხრეს.
მე ბევრი დანა და ტყვია ამცდა. კიდევ კარგი, რომ ამ ასაკამდე მოვაღწიე და უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ამას ვერ გაექცნენ და დღეს ცოცხლები აღარ არიან. ვცდილობ, ჩემი ბიჭი როგორმე ავარიდო ამ ყველაფერს. ვერანაირად ვერ ვახერხებ დამორჩილებას. სულ ვურეკავ და ვეკითხები: რას აკეთებ? როგორ ხარ? შეეცადე, გარეთ არ გახვიდე და რაღაცებს ვეუბნები. რა თქმა უნდა, არ მიჯერებს. რას იზამ, იმან თავისი ცხოვრება უნდა გაიაროს.
უფროსები სულ გვეუბნებოდნენ – აი, გაივლის დრო და მიხვდებით, რომ ახლა ვინც მეგობრად მიგაჩნიათ, ის მერე მეგობარი არ აღმოჩნდებაო. რა თქმა უნდა, 100 კაცი ვერ იქნება შენი მეგობარი. ჩვენი სამეგობრო წრე სულ ექვსი-შვიდი კაცია. სკოლის მეგობრები შაბათობებს ვაწყობდით. ძირითადად ჩემთან ვიკრიბებოდით. ვისაც რა შეეძლო, მოჰქონდა და სუფრას ვშლიდით.
პირველად 15 წლის ვიყავი, როცა მეგობრებთან ერთად მარტო ლენინგრადში წავედი. საოცრება იყო. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. მაშინ ახალი დაწყებული იყო ე.წ. “პერესტროიკა” და საბჭოთა მოქალაქეს უცხოელებთან კონტაქტის უფლება მისცეს. სასტუმროში ჩვენთან ერთად ჩვენი თანატოლი ამერიკელები ცხოვრობდნენ. სწორედ მათთან ვნახე პირველად რაღაც უცნაური კბილის პასტები და წვერის საპარსი საშუალებები. ჩვენ საპონს ვაქაფებდით და ვწვალობდით, მათ კი ჰქონდათ გელი, რომელიც ხელს რომ გაჰკრავდი უცებ ქაფდებოდა. საოცრება იყო! მათ შეეძლოთ “ვალიუტნი” ბარში შესვლა, ჩვენთვის კი ვალიუტის ქონდა საერთოდ არ შეიძლებოდა. მათ შორის გოგონებიც იყვნენ და გვქონდა პატარა რომანტიკული თავგადასავლები.
მიუხედავად იმისა, რომ პიონერი ვიყავი და წითელი ყელსახვევი მეკეთა, ბანაკში არასდროს ვყოფილვარ. ყოველ ზაფხულს, ოჯახთან ერთად, ვისვენებდი ესენტუკში, ყირიმში… ჩვენთან ერთად იყო მამაც.
12 წლის ვიყავი , მსოფლიო ჩემპიონატი იყო ფეხბურთში. საბედნიეროდ, მძიმე ბავშვობა არ მქონდა, მაგრამ სანატორიუმში, სადაც ჩვენ ვისვენებდით, რატომღაც არ იყო ტელევიზორი. არ ვიცი, როგორ მოხდა, მამაჩემმა დააბარა თუ თვითონ მოიფიქრა, დედამ მოზრდილი ტელევიზორი ჩამოგვიტანა. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო, რომ შემეძლო დღე და ღამე მეყურებინა ფეხბურთისთვის.
ალბათ, ცოტა გასაკვირია, ჩემი ასაკის ადამიანს სამკურნალო წყლებზე რომ უნდა წასვლა და არ ოცნებობს რაღაც ეგზოტიკურ კუნძულებზე, მაგრამ ბავშვობიდან იმდენად კარგად მახსოვს ის მართლა საოცარი წყალი, პარკი და ასე შემდეგ, რომ მაინც იმ ფანტასტიკური ადგილებისკენ მიმიწევს გული…”
