სალონური საღამოები ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის

ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის სალონური საღამოები აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში გაიმართა.  “ბათუმური ლირიკა”-ს დირექტორმა და პროექტის ხელმძღვანელმა ერეკლე გურგენიძემ “სალონური საღამოები რეგიონებში – თაქთაქიშვილი 100” ჩაატარა.

2024 წლის დასაწყისში, გამოცხადდა ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის 2 კონკურსი. I. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში “ახალი შემოქმედებითი პროექტების საგრანტო კონკურსი”, ხოლო II. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ქვეპროგრამის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელთა მიზანია როგორც ზოგადად აჭარის რეგიონში, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და კულტურის სფეროში თავისუფალი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, კულტურული თვითგამოხატვის, მრავალფეროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და რეგიონში კულტურული ცხოვრების გააქტიურება.

აღსანიშნავია რომ ორივე კონკურსის გამარჯვებული გახლავთ ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი – „სალონური საღამოები რეგიონებში – თაქთაქიშვილი 100“.
პროექტის მთავარი კონცეფციაა ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, ქართული “სალონური საღამოების” ტრადიციის აღორძინება და ასევე ამ სფეროებში მოღვაწე ხელოვანების მეტი ჩართულობა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
კონკრეტულად კი ეს კონცერტების ციკლი ეძღვნება, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ქართული საკომპოზიციო სკოლის ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავის, საქართველოს საუკეთესო კულტურის მინისტრად წოდებული, მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან მე-100 საიუბილეო
წელიწადს.

პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ა(ა)იპ „ბათუმური ლირიკა“-ს წარმომადგენლების, პროექტის ხელმძღვანელის, ოპერის მომღერლის – ერეკლე გურგენიძის (ბარიტონი), პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, პიანისტისა და კონცერტმაისტერის, ნატალია ჭანტურიშვილის, პროექტის დამდგმელი რეჟისორის – მაია გაჩეჩილაძის, პროექტის მხატვრის, სცენოგრაფის – ნეიკო ნეიძის,
ბათუმის მუსიკალური ცენტრის სოლისტების: ნონა კორიფაძე (სოპრანო), ზაზა ხამათაშვილი(ბარიტონი) და ირაკლი კორიფაძე (ტენორი); თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტის – ბეგი ნიკოლეიშვილის (კომპოზიტორი) და კურსდამთავრებულის – მარიამ შარაშენიძის (სოპრანო) ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა ოთარ თაქთაქიშვილის შემოქმედების მუსიკალურ/თეატრალიზირებული საღამოები, რომელთაც მთხრობელის ამპლუაში გაუძღვა 2023 წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტულის მფლობელი, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი – მარინა ბურდული.

საღამოები მოიცავდა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტს და გაიმართა: ქედაში – 21
მაისს, ქობულეთში – 22 მაისს, რითაც, რამდენიმე წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ,
ფაქტობრივად გაიხსნა კულტურის ცენტრი, ხელვაჩაურში – 23 მაისს და დასკვნითი კონცერტი – 25 მაისს ბათუმის თოჯინების თეატრში. დასწრება თავისუფალი იყო.

ნიშანდობლივია რომ მსგავსი ტიპის და გეოგრაფიული მასშტაბის საიუბილეო
მუსიკალურ/თეატრალიზირებული ღონისძიებები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძალზედ იშვიათია და ის აერთიანებს არა მხოლოდ აწ უკვე პროფესიონალ მუსიკოსებს, არამედ სტუდენტებსაც, რითაც გზას უკვალავს დამწყებ მუსიკოსებს და მეტად მრავალფეროვანს ხდის პროექტს შემოქმედებით კონცეფციას და პერსპექტივებს.