დიპლომატმა, მწერალმა და მუსიკოსმა გელა ჩარკვიანმა არაერთი ძალიან კარგი ჩანაწერი დაგვიტოვა.
“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გთავაზობთ:
„ღმერთო, რამდენი სისულელე იწერება ამქვეყნად! რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს წარმოიდგინონ პროცესების დამოუკიდებლად განვითარება. რატომ ჰგონიათ, რომ პლანეტა საიდუმლოდ შეთქმული, მარად ხალხის წინააღმდეგ მოქმედი ჯგუფების მიერ იმართება. რის Tavistock Institute, რის Committee of 300 და Bilderberg Group. ერთ-ერთ მათგანზე იმასაც ამბობენ, „ბითლზები“ და „როლინგ სთოუნზებიც“ მაგის შემოგდებულიაო. ვიღაც ამას სიამოვნებით „ჭამს“ და ბატონი Coleman-ის წიგნს Conspirators’ Hierarchy ყიდულობს. ავტორი მდიდრდება ადამიანების აქტიურ უმეცრებაზე და კიდევ უფრო დამაინტრიგებელ შეთქმულების თეორიას თხზავს. როგორი გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს ხალხს ამ ჯგუფების რეალურ შესაძლებლობებზე. გაეროც კი დღემდე ვერ გახდა და, ვფიქრობ, თვალმისაწვდომ მომავალშიც ვერ გახდება ჭეშმარიტი ძალაუფლების მქონე უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია და როგორ შეიძლება დაიჯერო, რომ ამდენი ინტერესებითა და იდეოლოგიებით განსხვავებული, ძლიერი სახელმწიფოებრივი აქტორების არსებობის პირობებში ვინმე შეძლებს შექმნას სეპარატული რეპრესიული „მსოფლიო მთავრობა“. ასე მგონია, შეთქმულებათა თეორიების პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი (ჩვენში ამ დაავადების ნამდვილი პანდემიაა) ისაა, რომ უძლეველი, ბოროტი ჯგუფების არსებობის დაჯერება ამართლებს ადამიანების ინერტულობას და სიზარმაცეს – „რა აზრი აქვს მოვიკლა თავი სწავლით, შრომით, სოციალური აქტიურობით და ა. შ., თუ კი ყველა პროცესი მართულია და მე მაინც ვერაფერს მივაღწევ“.