დაუჯერებელი ბრალდებები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს

რეჟისორ სანდრო ახმეტელსა და პოეტ ტიციან ტაბიძეს დაუჯერებელი ბრალდებები წაუყენეს – 1937 წლის ჟურნალ “მნათობში” დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ სიღნაღში მუცლის ტიფი სანდრო ახმეტელმა და ტიციან ტაბიძემ ბაქტერიების გამოყენებით გამოიწვიეს:
“ფაშისტური ოხრანკების აგენტები, მოღალატეები და გამცემლები აღმოჩნდნენ პროფესორები გ. ელიავა, ჯანდიერი, ცქიტიშვილი, ა. წერეთელი, ლეონიძე, ინჟინერი ჭიჭინაძე, რუსთაველის თეატრის ყოფილი დირექტორი ს. ახმეტელი, მწერლები მ. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე, საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის ლიტფონდის ყოფ. დირექტორი დავით წერეთელი, ცნობილი მენშევიკი გაიძვერები ნ. ქარცივაძე, სეით დევდარიანი, გ. მახარაძე და სხვ.
ისინი ეწეოდნენ ძირგამომთხრელ დივერსიულ-მავნებლურ მუშაობას საბჭოთა საქართველოს სახალხო მეურნეობაში, ამზადებდნენ ტერორისტულ აქტებს პარტიისა და მთავრობის ხელმძღვანელთა წინააღმდეგ.
ისინი, უკლებლივ ყველანი, ეწეოდნენ ჯაშუშობას, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი უცხოეთის დაზვერვებთან, აგროვებდნენ და მათი საშუალებით საზღვარგარეთ ჰგზავნიდნენ ჯაშუშური ხასიათის ცნობებს.
თავიანთ შავბნელ ძირგამომთხრელ მუშაობაში ისინი არ თაკილობდნენ არავითარ საშუალებას, არაფრის წინაშე არ ჩერდებოდნენ, ისინი ამზადებდნენ წყლის მოწამლვას ნატახტარის წყალსადენში, ამზადებდნენ ბაქტერიოლოგიურ დივერსიას, რომელიც ნაწილობრივ განახორციელეს სიღნაღის რაიონში, სადაც ბაქტერიების გამოყენების გზით შარშან მათ მოახერხეს გამოწვევა მასობრივი დაავადებისა მუცლის ტიფით, რამაც 50 კაცზე მეტი იმსხვერპლა.”