29 აპრილი, 2024

ნანა ჯანელიძის საგანგებო განცხადება

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ღია წერილით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას:

“დღეს, ქვეყნის სათავეებთან ის თაობა დგახართ, რომელიც 9 აპრილს 10-14 წლისანი იყავით.

შესაძლოა, ამიტომაც ვერ ხედავთ მთელი სიღრმით, რა საზარელი უფსკრულისკენ მიაქანებთ ქვეყანას.

მაშინ ერთ მხარეს მთელი საქართველო იდგა, მეორეზე – რუსეთის სადამსჯელო ჯარი.
მაშინ სიტყვები „ნატო“, „ევროკავშირი“ სრულიად უცხო ჩიტებად ჟღერდა, შორი და მიუწვდომელი იყო.

დღეს, 36 წლის შემდეგ, ჩვენ მივუახლოვდით ამ მიზნებს: დამოუკიდებლობის გამოცხადება, 3 ომი, ოკუპაცია, დევნილობა, ტკივილი, ცრემლი… და ცვლილებები, სასიკეთო, რომელთაც ხშირად ვერც ვხედავთ და ვერც ვაფასებთ – ქვეყანა შეიცვალა.
ახალი თაობა დაიბადა, დაიბადა თავისუფალ ქვეყანაში. მათმა უმრავლესობამ არც იცის, რა იყო საბჭოთა კავშირი, არ იციან რუსული, და არა აქვთ ძვალ-რბილში გამჯდარი შიში, რომელიც ჩვენს მშობლებს და, ნაწილობრივ, ჩვენც გვქონდა.

ეს შიში კვლავ თარეშობს დღევანდელ რუსეთში და ეს რუსეთი გაცილებით საზარელი და საშიშია, ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობისდროინდელი, ჯერ სტაგნაციაში, შემდეგ კი „პერესტროიკის“ ფაზაში მყოფი საბჭთა კავშირი. დღეს იქ 1937 წლის საბჭოთა კავშირია!

აი, ეს ახალი თაობა იცავს დღეს თავის თავს, ქვეყანას, მომავალს – თქვენგან!!! იქ შესაძლოა თქვენი შვილებიც დგანან, შვილების და მამების ომში კი შვილები მუდამ იმარჯვებენ.
შარშან გაწვეული კანონის მოულოდნელი შემობრუნებით, ალბათ მკაცრ დავალება- დაკვეთას ასრულებთ. სამწუხაროდ, უცხოეთში მიღებული განათლება მხოლოდ სიტყვების ეკვილიბრისტიკად აქციეთ.

ეს თქვენი არჩევანია, რადგან საბოლოოდ პასუხს მაინც მარადისობის წინაშე აგებთ, რომელიც მკაცრი და დაუნდობელია.

ახლა მოგმართავთ მხოლოდ იმიტომ, რომ მკაფიოდ გაიაზროთ:

ქვეყნის ასეთ მძიმე დაპირისპირება – გახლეჩას აუცილებლად მოყვება პროვოკაციაც და შესაძლო ტრაგიკული სისხლისღვრაც… თქვენ აქეთკენ მიაქანებთ ქვეყანას.

ასეთ დროს კი, პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და ხელისუფლებას ეკისრება.

დაფიქრდით… დარჩით საკუთარ თავთან მარტონი და დაფიქრდით!”