ცუდი ახალი ამბავი გელათიდან

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ცუდ ახალ ამბავს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

ცუდი ახალი ამბავი
გელათის სამონასტრო კომპლექსთან მძიმე ტექნიკა, ე.წ. კოდალა მუშაობდა, ძლიერი ვიბრაციის თანხლებით, რაც ისედაც რთულ მდგომარეობაში არსებული კედლის მხატვრობის ჩამოცვენას უწყობს ხელს.

ვიკითხე და დავაზუსტე, რომ მძიმე ტექნიკის გამოყენებაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ნებართვა არ გაუცია.

“2023 წლის 25 დეკემბერს სააგენტოს მიერ გაცემულია ნებართვა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მოწყობის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებზე. წყალარინების პროექტი ითვალისწინებს კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული კელიების, საზოგადოებრივი საპირფარეშოს და სხვა შენობების საკანალიზაციო ქსელის შეკრებას საპროექტო სატუმბ სადგურში. აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად პროექტში განსაზღვრულია ასფალტის ფენილის აყრა და სამუშაოების დასრულების შემდეგ დაგება, ჭების გაკეთება, თხრილების დამუშავება, მილების ჩაწყობა, თხრილის შევსება მდინარის ბალასტით და ჭების დახურვა თუჯის ჩარჩო-ხუფით”, – აი, ეს პასუხი მომწერა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.

მძიმე ტექნიკა გელათთან შვიდი დღის წინ მუშაობდა.”