ლაშა მარგიანი შობაზე

პოეტი ლაშა მარგიანი შობაზე – ბეთლემში იესო ქრისტეს დაბადებაზე ულამაზეს ჩანაწერს გვიზიარებს:

“რამდენი სასწაული მოახდინა იესომ,
წყალზე გაიარა, ქარიშხალი ერთი სიტყვით დააცხრო,
წყალი ღვინოდ აქცია,
მკვდარი გააცოცხლა,
მომაკვდინებელი სნეული განკურნა,
ეშმაკისეულიდან დემონების ლეგიონი განდევნა,
ბოლოს და ბოლოს ჯვარს ეცვა, მოკვდა და მკვდრეთით აღსდგა,
მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული ჩემთვის მაინც ისაა,
რომ ბაგაში იშვა,
ჰო, სამყაროს შემოქმედი ხის უბრალო ბაგაში იშვა.
როგორი უბრალოა იესო,
როგორი ადამიანური,
როგორი დამდაბლებული,
ჩაუღრმავდები და უსათუოდ ატირდები,
სხვაგვარად შეუძლებელია.
რამდენი ღმერთი გამოიგონა ადამიანმა და ყველა ერთმანეთს ეჯიბრება ძალმოსილებაში, ყოვლისშემძლეობაში, მრისხანებაში, შურისძიებაში.
იესო ქრისტე კი დაბადებიდან დევნილი,
დაბადებიდან უარყოფილი,
დაბადებიდან ჯვარცმული,
როგორც შოთა ჩანტლაძის ლექსშია:
“წავიდა წვიმა და მოვიდნენ ქარები,
წვიმები, ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.”
გული წმინდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო
და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
შობას გილოცავთ.”