ნინო ფერაძის გამოფენა ხელოვნების სასახლეში

ხელოვნების სასახლეში 12 დეკემბერს 19 საათზე მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

საშობაო გამოფენა მხატვრისთვის უკვე ტრადიციად იქცა – ეს ამ თემატიკისადმი მიძღვნილი მისი უკვე მე-9 პრსონალური გამოფენაა.

ნინო ფერაძესთან საუბრის დროს მან გამოფენის კონცეფცია ასე დაგვიხასიათა:

„ეს დღესასწაული მიყვარს, როგორც შინაარსით, ასევე მთელი თავისი ვიზუალური დატვირთვით. იმ უამრავი თბილი და პოზიტიური ელემენტებით, რომელიც თან ახლავს: ფერითი კონტრასტებით (თოვლი პეიზაჟები, სიცივე, სახლი, სითბო, სინათლე, ნაძვის ხე…). ადამიანების მხიარული და საქმიანი ფუსფუსით. ახლის და ბედნიერების მოლოდინი. ზღაპრის მოლოდინი… ეს ყველფერი ამ ჯადოსნურ ღამეს უკავშირდება, ამიტომაც ავარჩიე ამ გამოფენის სათაურად სწორედ ეს სახელი – „შობის ღამე“. ამის გარშემო ტრიალებენ ჩემი ნახტების გმირები.“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე ნამუშევარი. უმეტესობა შესრულებულია ტილოზე აკრილის საღებავებით სპეციალურად ამ გამოფენისათვის. ასევე წარმოდგენილი იქნება ქაღალდზე შესრულებული პატარა მინიატურები.