21 ნოემბერი, 2023

თამუნა მუსერიძის უდიდესი აღიარება

ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ უდიდეს აღიარებას მიაღწია – “ბიბისიმ” იგი 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა:

“თამუნა მუსერიძემ დათმო ყველაფერი თავისი ბიოლოგიური მშობლების მოსაძებნად. კვლევის პროცესში აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ბავშვების გაშვილების ფართომასშტაბიანი შავი ბაზარი არსებობდა. მან შექმნა ფეისბუქ-გვერდი “ვეძებ”.  ორგანიზაციამ ასობით ოჯახის გაერთიანებას შეუწყო ხელი, მაგრამ ის კვლავ ეძებს თავის ოჯახს,” – წერს “ბიბისი”.

თამუნას ცხოვრება 31 წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ნაშვილებია. მან ბიოლოგიური მშობლების ძებნა დაიწყო, შექმნა ფეისბუქ-ჯგუფი “ვეძებ”, სადაც ათასობით ადამიანია გაერთიანებული და ბიოლოგიურ მშობლებსა და შვილებს ეძებს.

თამუნა მუსერიძე:

“ღმერთო არ მჯერა ახლა ამას რომ ვწერ !
უკვე 10 წელია, ყოველი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან გამორჩეული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გასცდა.

წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!

წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!

წელს მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!”