11 ნოემბერი, 2023

იუბილარი ბესიკ ხარანაულის მიმართვა

11 ნოემბერს პოეტი და მწერალი ბესიკ ხარანაული იუბილარია. შემოქმედი საკუთარ თავს დაბადების დღეს ლექსით ულოცავს:

11 ნოემბერი
რა სოფელია, თუ მამალი არ ყივის,
რა ქვეყანაა, თუ არვინ იკვეხნის!
მე დავიყივლებ,
მე დავიკვეხნი,
ბებერი ვარ,
ჩემზე გადატყდეს!
წამოვიდა შური ქვეყანაზე,
მე გადავუდექი!
წამოვიდა შინამტრობა,
მე გადავუდექი!
შემოვიდა ფსიტისფერ თმიანთა ლაშქარი,
მე გადავუდექი!
შემოაფრქვია მტერმა უნიფხვო ქალები,
მე დავუხვდი ჩემი კაცობით.
სხვა რაღაა? ბებერი ვარ,
ცოდვამ ცას უწია,
წავალ ახლა, განვიწმინდები,
დღეს დღეობაა!
კიდეც დავიყივლებ,
კიდეც დავიკვეხნი!
ეს საქართველოა!
ეს თეატრია, ეს სცენაა, ეს მსახიობი!
ვინმეს დამარცხება კი არ მინდა,
გამარჯვება მინდა ყველასი.