8 ოქტომბერი, 2023

გია ნიკოლაძე ისრაელიდან

მომღერალი გია ნიკოლაძე ისრაელში იმყოფება. იგი წმინდა მიწაზე კონცერტის ჩასატარებლად ჩავიდა, თუმცა დაბომბვის გამო, ღონისძიება გადაიდო:

“მოგესალმებით ჩემო ძმებო და დებო, ჩემო უძვირფასესო მეგობრებო… ისეთ ემოციებში ვარ, საერთოდ არ ვაპირებდი ჩემი ისრაელში ვიზიტის გაშუქებას, მაგრამ იძულებული გავხდი ეს პოსტი დამედო, რადგან გულზე მომხვდა ბუნკერის ვიდეოს გამოწვეული კომენტარები…

ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ქრისტეს სწავლებისადმი, მისი სიტყვისადმი, უფალი ალისადმი, მწყალობელი წყალისადმი და ასე შემდეგ…

ასე რომ, როცა იერუსალიმში ვიზიტი შემომთავაზეს, კარგად მიხვდება ყველა ჩემი მეგობარი, რა ემოციებიც დამეუფლებოდა… წმინდა მიწა, სადაც ის ალი გადმოდის, რომელიც შავ ზღვაში თითზე შემეხო და მის მერე სულ მის ძებნაში რომ ვარ, წარმოიდგინე იერუსალიმში რა განწყობით წამოვიდოდი… ეს ხომ ღვთის ნებაა, რაც ჩემს თავს ხდება…

ვინც მიცნობს, იცის, რომ ამ საკითხს რაც ეხება, მზად ვარ თვალდახუჭული მივენდო უფალს, თუ უნდა გარდამცვალოს კიდეც… უფალის ნდობით ქარბორბალასაც ავყვები ღრუბლებამდე და აზვირთებულ ზღვაშიც ბევრჯერ შემიცურია შუაღამეა თუ დღეა. ასე რომ, ვინც მიცნობს ცოტა არ იყოს გაუკვირდებოდა ბუნკერს დავშეფარებული თქვენი მონა-მორჩილი რომ ვენახე… თან ისრაელის წმინდა მიწაზე, სადაც რაკეტების წვიმა იშვიათი მოვლენა არ არის…

რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ ბუნკერისთვის თავის შეფარება სირცხვილი არ არის, მაგრამ უბრალოდ ტყუილია და ამიტომ ვწერ ამხელა სტატუსს… კი ბატონო, თუ საჭირო გახდა, მეც შევაფარებ თავს, მაგრამ ჯერ არ შემიფარებია და არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ იმ ვიდეოს ავტორებმა, სადაც მეორე სართულის კიბეზე ვჩანვარ და სათაური კი ისეთი ადევს, უამრავმა მეგობარმა მომწერა ისრაელში ბუნკერში გნახეთო…

არა, ჩემო სიხარულებო, აქ ბუნკერში დასამალად არ ჩამოვსულვარ… პირველივე დღეს მოვილოცეთ წმინდა სალოცავები… ხომ ხვდებით, რასაც ჩავატარებდი დედამიწის დატკბობის ინიციატორი. ჰოდა, კონცერტის დღეს ისრაელის ცა განგაშის სირენებმა მოიცვა… აი, ეს არის მოკლე შინაარსი ჩემი ისრაელში ვიზიტისა და არა ის, რაც ბუნკერის ვიდეოს ავტორებს გამოუვიდათ…

დიდი მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს, მათ არც იციან რა საქმე გამაკეთებინეს… წარმოიდგინეთ ჩემი ემოციები, როცა განგაშის ხმა გაისმა. როგორც ამბობენ, მთავარი არის რწმენა… ჰოდა, მეც მწამს, რომ მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე მოხდება და ტკბობა კი სიმწარეს გაანეიტრალებს, სიმწარე კი კუდს ბოლოჯერ მოიქნევს…

ეხლაც სასტუმროს ნომერში ვარ და თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი, ბუნკერში ჩასვლას არ ვაპირებ, რადგან უფალს ბოლომდე ვენდობი… ეს ყველაფერი კი მხოლოდ უფალის ნებაა… მიყვარხართ, გკოცნით, გეხვევით და გაუმარჯოს წმინდა მიწას, გაუმარჯოს მშვიდობას და უფალის ალის ამობრწყინებას… ვუთანაგრძნობ ებრაელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს… დიდება ისრაელს და ებრაელ ხალხს! გაუმარჯოს ებრაელი და ქართველი ხალხის ძმობას!”