25 ოქტომბერი, 2023

გამორჩეული ნამუშევრები ხელოვნების სასახლეში

ხელოვნების სასახლეში გამორჩეული ნამუშევრების გამოფენა გაისხნება.

“ხელოვანის გზა” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც 29 ოქტომბერს ხელოვნების სასახლისა და აკადემია XXI-ის მიერ არის ორგანიზებული. გამოფენის მხარდამჭერები საქართველოს კულტურის მოღვაწეთა გილდია და საქართველოს კულტურის აკადემიაა.

დამთვალიერებელი იხილავს თამარ აბაკელიას, გრიგოლ აბაკელიასა და თეა აბაკელიას გამორჩეულ ნამუშევრებს.

თამარ აბაკელია (1905-1953) – XX საუკუნის გამორჩეული ხელოვანი: მოქანდაკე (თავის თავს უპირველესად მოქანდაკედ თვლიდა), გრაფიკოსი, ფერმწერი, ილუსტრატორი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოში პირველი ქალი მონუმენტალისტი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეუწყო ხელი რელიეფური ქანდაკების ტრადიციების აღორძინებას და ქართულ ხელოვნებაში სხვა მხატვრებისგან მკაფიოდ განსხვავებული კვალი დატოვა.
გასაოცარია თამარ აბაკელიას შემოქმედების დიაპაზონი, სიუჟეტთა სიმდიდრე, სახვითი საშუალებების მრავალმხრივობა. მან ქართული ხელოვნება გაამდიდრა თავისი ჭეშმარიტად ხალხური და მრავალფეროვანი შემოქმედებით. დასანანია, როცა მხატვრის სიცოცხლე მოულოდნელად სწორედ იქ წყდება, სადაც მისი შემოქმედებითი სიმწიფის წლებია. თამარ აბაკელიას, რომლის ნიჭი საგრძნობლად აღემატებოდა ჩვეულებრივს, მისთვის განკუთვნილი სიცოცხლის მიღმა, მრავალი შემოქმედებითი ჩანაფიქრი, შესაძლებლობა და ოცნება დარჩა განუხორციელებელი.

გრიგოლ აბაკელია (1939-2016) – მხატვარი, მუსიკოსი. თამარ აბაკელიას ძმის შვილი. დახვეწილი გემოვნების ინტელექტუალი მხატვარი. ბავშვობიდან წარუშლელად აღბეჭდილმა შემოქმედებითმა გარემომ, რომელიც ოჯახში სუფევდა და მუსიკალურმა განათლებამ მის მთელ შემოქმედებაზე იქონია გავლენა. სხვადასხვა დროს შესრულებულ ნამუშევრებში იგრძნობა მაღალი მხატვრული კულტურა, განსხვავებული ხედვა, სიუჟეტთა სიმრავლე, შესრულების ტექნიკის მაღალი დონე .
1976 წელს მხატვარი თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში მთავარი მხატვრის პოზიციაზე მუშაობდა. გაფორმებული აქვს 120-ზე მეტი თოჯინური სპექტაკლი, სადაც ჩანს არა მხოლოდ განათლება და პროფესიონალიზმი, არამედ ბავშვების დიდი სიყვარული და მათთვის მისაღები ესთეტიკის ცოდნა.

თეა(თამარ)აბაკელია – ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი, გრიგოლ აბაკელიას
შვილი და თამარ აბაკელიას ძმის შვილისშვილი. დაბადებული და გაზრდილი ხელოვანების ოჯახში. ყველა ეტაპი მის ცხოვრებაში შემოქმედებასთან
დაკავშირებული. აქტიურად იღებს მონაწილეობას პერსონალურ და ჯგუფურ
გამოფენებში. მისი შემოქმედება ანარეკლია ხელოვანის შინაგანი ბუნების, მისი ხასიათის, მისწრაფების, ამიტომაც სხვადასხვა ასპექტში, სხვადასხვა მხატვრული ხერხებით, სტილითა და მანერით გამოსახავს მისი შემოქმედების მთავარ თემას – ნატურას, რომელსაც თვლის ხელოვნების პირველწყაროდ და მის ფორმათა სხვაობას, ცვალებადობას სწავლობს.

ხელოვნების სასახლე წარმოგიდგენთ ერთი ოჯახიდან სამი ხელოვანის კოლაბორაციას.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანების კოლექციიდან გამორჩეული ნამუშევრები. ოჯახის სამი ხელოვანის ,,შემოქმედებითი გზა“, გზა რომელიც გრძელდება და თაობიდან თაობას გადაეცემა.

გამოფენა ხელოვნების სასახლეში 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.