13 სექტემბერი, 2023

უძვირფასესი ქართული ენქერი საქართველოს კუნთვილებაა

XVII-XVIII საუკუნეების ვერცხლმკედითა და ოქრომკედით გაფორმებული ძვირფასი ქართული ენქერი, რომელიც ლონდონის სააუქციონო სახლმა გასაყიდად გაიტანა, საქართველოს კუთვნილება გახდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი:

“მოხარული ვარ გაგიზიაროთ ერთი ძვირფასი ნივთი, რომელიც სულ ახლახან საქართველოს კუთვნილება გახდა!

რამდენიმე თვის წინ ლონდონის ერთ-ერთმა სააუქციონო სახლმა გასაყიდად გამოიტანა XVII-XVIII საუკუნეების ვერცხლმკედითა და ოქრომკედით გაფორმებული ძვირფასი ქართული ენქერი. გარდა იმისა, რომ ამ ნივთის მხატვრული და სულიერი ღირებულება ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან დიდია, ენქერზე არის ასომთავრული წარწერა, სადაც სავარაუდოდ მოხსენიებულია დამკვეთი და შემწირველი, უნიკალური და ულამაზესი ქართული სახელით „თვალსამოთხე“. (ქ.ასათიანის პირველადი წაკითხვა).

საქართველოს კულტურის სამინისტროს  მხარდაჭერით სააუქციონო სახლთან დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკება ენქერის სამშობლოში დასაბრუნებლად. გამყიდველმა მხარემ გაუწია ანგარიში ჩვენს კანონიერ ინტერესებს და  ნივთი აუქციონიდან მოხსნა, უმოკლეს დროში კი კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხელოვნების სასახლემ ძვირფასი  ნიმუში აქუციონიდან გამოისყიდა და ის სამშობლოში დააბრუნა (ჩვენი მუზეუმების ისტორიაში ბოლოს ასეთი რამ როდის მოხდა არც კი მახსენდება)…

მქონდა პატივი ამ ენქერის შესახებ მცირე ინფორმაცია საქართველოს მუზეუმელთა ალიანსის მეორე ასამბლეაზე წამეკითხა…

სამეცნიერო კვლევა აქტიურად გაგრძელდება და ავტორიტეტულ მეცნიერებთან ერთად შედეგებს გაგაცნობთ, ნივთიც უმოკლეს დროში ხელოვნების სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში გამოიფინება.”