21 სექტემბერი, 2023

თბილისი „ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტებს უმასპინძლებს 

22, 23 და 24 სექტემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორის დიდი დარბაზი XV საიუბილეო  საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ დასკვნით კონცერტებს უმასპინძლებს.

ფესტივალის თბილისურ საღამოებში მსმენელის წინაშე წარსდგებიან  მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები:  ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია, ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი, საქართველოს ეროვნული ორკესტრი (22 სექტემბერი), ანტი სიირალა – ფორტეპიანო, გერმანია/ფინეთი (23 სექტემბერი) და ლაურა მარზადორი – ვიოლინო, იტალია, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“  (24 სექტემბერი).

22 სექტემბერს კლასიკური მუსიკის მოყვარულებისთვის შესრულდება: ჯუზეპე ვერდის – „ბედის ძალა“ – უვერტიურა, ჯაკომო პუჩინის – „მანონ ლესკო“ – ინტერმეცო, ჯოაკინო როსინის – „ვილჰელმ ტელი“ – უვერტიურა, უმბერტო ჯორდანოს – „ფედორა“ – უვერტიურა, პიეტრო მასკანის – „მეგობარი ფრიცი“ – ინტერმეცო. მსმენელის წინაშე წარსდგება იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი. რომელიც გახლავთ ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, „მილანო კლასიკას“ ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სკარლატის ახალგაზრდული ორკესტრის მთავარი დირიჟორი, პუჩინის ფესტივალის მთავარი მოწვეული დირიჟორი, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველი კულტურის დარგში, ტაორმინას ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი.

კონცერტზე ბეატრიჩე ვენეცი, ფესტივალის პარტნიორთან, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს უვერტიურებს და ინტერმეცოებს იტალიური ოპერებიდან, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებულ მევიოლინესთან, ვენიავსკის კონკურსის გამარჯვებულთან, ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს.

23 სექტემბერს კონსერვატორიაში აჟღერდება  იოზეფ ჰაიდნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, იოჰანეს ბრამსის და რობერტ შუმანის საფორტეპიანო ნაწარმოებები.

საფორტეპიანო მუსიკას ბეთჰოვენის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ამჟამად მიუხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის პროფესორი და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ანტი სიირალა ააჟღერებს. ბეთჰოვენის მუსიკას მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ასევე იოზეფ ჰაიდნის და რომანტიკოსი კომპოზიტორების – იოჰანეს ბრამსის და რობერტ შუმანის საფორტეპიანო ნაწარმოებებს.

„ღამის სერენადების“ დასკვნით კონცერტზე  24 სექტემბერს, კი  შესრულდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – სავიოლინო კონცერტი №3 სოლ მაჟორი, K.216,  სავიოლინო კონცერტი №5 ლა მაჟორი, K. 219, რონდო დო მაჟორი, K. 373 და ნიკოლო პაგანინის – კაპრისი №24 ლა მინორი.

მოცარტის რონდოს და სავიოლინო კონცერტებს შეასრულებს საერთაშორისო აღიარების მქონე სოლისტი და კამერული მუსიკოსი, ამჟამად ლა სკალას ორკესტრის პირველი ვიოლინო ლაურა მარზადორი. თანხლებას მას ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები გაუწევს“.

ამავე დღეს კონსერვატორიის ფოიეში ცნობილი მხატვრის ეკა აბულაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში ცნობილი მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია ექვსი კონცერტი  ქ.ბორჯომში, ქ.ბათუმსა და  ქ.თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები და ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები. ფესტივალის საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები“. ორკესტრის კონცერტმაისტერი, პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე. ფესტივალის პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

„ღამის სერენადების“ მხარდამჭერია : საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,  ქალაქ თბილისის მერია,ბათუმის მერია,   ქალაქ ბორჯომის მერია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

„ღამის სერენადების“ წლევანდელი, საიუბილეო ფსტივალი უფრო გაფართოვდა.  ფესტივალი გაიხსნა ბორჯომში,  სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“.  გალა კონცერტში მონაწილეობდნენ  საბინე გროფმაიერი – კლარნეტი, გერმანია, ეილიკა ვუნში – სოპრანო, გერმანია, გიორგი ონიანი – ტენორი, საქართველო, რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია, ანსამბლი „ბორჯომი“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი.

ბათუმური კონცერტებს მასპინძლობდა ქალაქ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგნენ ეილიკა  ვუნში – სოპრანო, გერმანია, რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია. ჰეიონ პარკი ფესტივალის საბაზო ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“-ს თანხლებით, თამარ ლიჩელი.

კონცერტების პარალელურად, ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას –  მოსწავლე-ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის გაიმართება დარგობრივი მასტერკლასები, ვორქშოპები და ღია ლექციები.

ფესტივალის  ორგანიზატორი კომპანიაა „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა,2002 -2009 წლებშიფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტატისა და მიუნხენის მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ამავე წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა და გიორგი ისაკაძეების მიერ შექმნილი კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისერი ლელა მჭედლიძე), რომლის შემადგენლობაში შედიან ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

”ღამის სერენადების“  მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი