19 სექტემბერი, 2023

გენრი დოლიძის არაჩვეულებრივი წერილი

პოეტი გენრი დოლიძე არაჩვეულებრივ წერილს გვიზიარებს, რომელიც მოძალადე მამაკაცების მიერ ქალების კვლას ეხება:

“შუშანიკის წამების შემდეგ 1500 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ რა შეიცვალა?! ყოველწლიურად ათობით ვარსქენ პიტიახში ცოლის მკვლელობით იძიებს შურს საკუთარ უსუსურობაზე, კომპლექსებზე, თავისუფლებაზე, მომავალზე…

ჩვენ ამ ყველაფერს ვხედავთ, ვისმენთ და ხშირად სინდისზე მეტად ფემინისტების მწარე გამონათქვამები გვაწუხებს.

ღმერთმა ქნას, მანდილოსნების ხუთსართულიანი სადღეგრძელო ოდესმე დავაკონვერტიროთ საქმედ და უპირობო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ნებისმიერ ქალს, რომელსაც ადამიანად ყოფნის უფლებას ართმევენ და ნივთად მიიჩნევენ! (რა თქმა უნდა თავად სადღეგრძელოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ოღონდ “ჯერ საქმე”!)

სხვაგვარად ორ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ, ერთგან, სადაც ქალებს აღმერთებენ, სადაც დედის, ან ცოლის შეგინების გამო თავს შეაკლავენ აუგის მთქმელს და მეორეგან, სადაც საკუთარ შვილებს უკლავენ დედებს!

ქართულის მასწავლებლებო, მშობლებო, გენიალური “შუშანიკის წამების” სწავლებისას საზეპიროები კი არ მოსთხოვოთ ბავშვებს სხაპა-სხუპით ჩასარაკრაკებლად, აუხსენით, რომ ქალზე ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. რომ არ არსებობს “სუსტი სქესი”, არც “ლამაზი სქესი”, რომ სქესს არც სიძლიერესთან და არც სილამაზესთან კავშირი არ აქვს, რომ ჩვენმა ქვეყანამ ბევრჯერ დაამტკიცა სიტყვითაც და საქმითაც – “ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია”!
არა ფემიციდს!
არა ძალადობას!”