25 აგვისტო, 2023

„ღამის სერენადების“ ბათუმური კონცერტები დაიწყო

24 აგვისტოს,  ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა XV საიუბილეო  საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტების  პირველ დღეს უმასპინლა.

კონცერტში, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები  მონაწილეობდნენ. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ეილიკა  ვუნში – სოპრანო, გერმანია, რიკარდო მარინელო – ტენორი, იტალია, მევიოლინე ჰეიონ პარკი, ქართველ პიანისტი თამარ ლიჩელი, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე). საღამოზე აჟღერდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – Exsultate, jubilate,  K 165 ერნესტო დე კურტისი – Torna surriento ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „მწყემსი მეფე“ – L’amerò, sarò costante იმრე კალმანი – „ჩარდაშის დედოფალი“ – Tanzen möcht’ ich სეზარ ფრანკი – სავიოლინო სონატა ლა მაჟორი ჯუზეპე ვერდი – „რიგოლეტო“ – La donna è mobile ფრანც ლეჰარი – „მხიარული ქვრივი“ – Lippen schweigen ჯაკომო პუჩინი – „ტურანდოტი“ – Nessun Dorma ედუარდო დი კაპუა – O sole mio ჯუზეპე ვერდი – „ტრავიატა“ – Sempre libera.

კონცერტის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, მან მსმენელს მადლობა გადაუხადა ერთგულებისათვის და   ფესტივალის საიუბილეო კონცერტებში მონაწილე მსოფლიოში ცნობილ შემსრულებლებზე ისაუბრა.  მაყურებელს სცენიდან მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობაზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლეგენდარული ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებულ ფესტივალს არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და მადლობის ნიშნად „ბრავოს“ შეძახილებითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

დღეს კი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ღამის სერენადების“  მეორე საკონცერტო დღეა. მსმენელის წინაშე წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი, ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი,  ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე). შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ. 61 (კ. ჰაინდის ვერსია ვიოლინოსა და სიმებიანი კვინტეტისთვის) ფრანს ლისტი / შარლ გუნო – ვალსი ოპერიდან „ფაუსტი“ რალფ ვოან უილიამსი – The lark Ascending (ტოროლას აფრენა) სერგეი რახმანინოვი – „სალონური პიესები“ – უნგრული ცეკვა, თხზ.6 №2.

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო  ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

„ღამის სერენადები“ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო ფესტივალია საქართველოში, რომელიც არსებობის 41 წელს ითვლის. ფესტივალის შექმნის იდეა ეკუთვნის ლიანა ისაკაძეს – ქართველ მევიოლინესა და დირიჟორს, საქართველოს სახალხო არტისტს, რომელიც საუკუნის უდიდესი მუსიკოსების რიცხვს მიეკუთვნება. იგი კემბრიჯის ბიბლიოგრაფიული ცენტრის მიერ შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში (ინგლისი, 2002 წელი).

ჯერ კიდევ 1982 წელს, ლიანა ისაკაძემ, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, დაარსა საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ზაფხულობით ბიჭვინთაში იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო, 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა,2002 -2009 წლებშიფესტივალი ტარდებოდა ბორჯომში „ხელოვნების ზეიმის” სახელით, 2009 წლიდან კი შესაძლებელი გახდა „ღამის სერენადების“აღდგენა და ფესტივალმა შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გადაინაცვლა.

ფესტივალი არსებობის  მანძილზე არაერთ მსოფლიო დონის მუსიკოსს მასპინძლობდა, მათ შორის არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი და მრავალი სხვ.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი