27 ივლისი, 2023

საბედისწერო 27 ივლისი ვაჟა-ფშაველასთვის

საბედისწერო 27 ივლისი ვაჟა-ფშაველასთვისვაჟა-ფშაველასთვის 27 ივლისი საბედისწერო დღე აღმოჩნდა. თბილისში სამკურნალოდ ჩამოსული სწორედ ამ დღეს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნინო ნატროშვილი:

“მთელი ზამთარი ავადმყოფობაში გაატარა. თებერვალში ლოგინად ჩავარდა. გაზაფხულზე ცოტა გამომჯობინდა და თბილისში ჩამოვიდა, რომ ეწამლა. აქ უპატრონეს, 14 ივნისს წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში მოათავსეს. ყოველ დღე იმართებოდა სპირიდონ ვირსალაძის, ივანე გომართელის, გრიგოლ მუხაძის, შალვა მიქელაძისა და ვლადიმერ მახვილაძის კონსილიუმი…

…27 ივლისს, შუადღის შემდეგ ავადმყოფმა მოწყალების დას, ანიკო კობიაშვილს ჰკითხა: რომელი საათიაო? – სამიო, – უპასუხია მოწყალების დას. – მიკვირს, სამ საათამდე როგორ ვიცოცხლეო? – ანიკოს დაუმშვიდებია: – თქვენ კიდევ დიდხანს უნდა იცოცხლოთო.

საღამოს ექვს საათზე ექიმმა ვლადიმერ მახვილაძემ მაჯა გაუსინჯა, ავადმყოფს გულის ცემა შეჩერებოდა.

გარდაცვლილს აღმოაჩნდა შემდეგი ნივთები: სათვალე ბუდით, გიშრის კრიალოსანი, საათი ორი ძეწკვით, ხელის დანა, საფულე რომელშიც იდო ორი მანეთი, ორი აბაზი და ორი კაპიკი, „ჯეჯილის“ მეექვსე ნომერი, რამდენიმე ბარათი…

დედაქალაქმა ღირსეული დაკრძალვა მოუწყო. გასვენებას ზღვა ხალხი დაესწრო. წესრიგს პოლიცია ამყარებდა. ერწოდან ცხენით ჩამოსული ვაჟას უფროსი ქალი თამარი შეაკრთო ამდენმა ხალხმა, შერცხვა ახლოს მისვლა. ვიღაცამ იცნო და მამის კუბოსთან მიიყვანა.

ჩარგალში კი ვაჟას ეზოში ნაბადი გაფინეს, ზედ მისი ტანსაცმელი გაშალეს, ხმალ-ხანჯალი, თოფი და ფარი დააწყვეს, ირგვლივ შაოსანი დიაცები შემოუსხდნენ და ხმამაღლა მოსთქვამდნენ ოჯახის ბეჩაობასა და ლუკას სახელიანობას.”