30 ივლისი, 2023

მოუსმინეთ ირაკლი მილაძეს

მოუსმინეთ ირაკლი მილაძესირაკლი მილაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, ვისაც სამშობლოს – საქართველოს მომავალი აღელვებს.

იგი საგანგებო განცხადებით მიმართავს მომღერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოცეკვავეებს, რეჟისორებს, სპორტსმენებს:

“მინდა ვკითხო მსახიობებს, მხატვრებს, მომღერლებს, სპორტსმენებს, ე.წ. ინტელიგენციას, რომლის მიმართ საზოგადოებას აქვს დადებითი დამოკიდებულება, უყვარს და ერის ღირსეულ ნაწილად აღიქვამს. თქვენ მოგმართავთ, პატივსემულებო – როდესმე თუ მიგიღიათ ერისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, საქმეებში, ამბებში მონაწილეობა. ბოლოს როდის მიგიღიათ ამ ყველაფერში მონაწილეობა, გარდა იმისა, რომ გივი სიხარულიძეები და დენიკინის დროინდელი ხალხი მიგყავთ ტელე-შოუებში და მასკარადებს აწყობენ. ბადრი შუბლაძეს დაიჭერენ და თითქოს თავის ცხოველურ ინსტინქტებს იკმაყოფილებენ იმით, რომ შეურაცხყოფას მიაყენებენ ამ ადამიანს… არ ვარ ბადრი შუბლაძის არც მომხრე და არც იდეური მხარდამჭერი, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი მიდიოდე რაღაც პრობლემის განსახილველად და შეურაცხყოფას აყენებდნენ და აბულინგებდნენ.  გივი სიხარულიძე არის ჩვეულებრივი “ცირკაჩი”, ხელისუფლების მეხოტბე და მისთვის მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, როგორმე დაიკმაყოფილოს მატერიალური კეთილდღეობა…

და მარტო მას არ ეხება, ეხებათ სპორტსმენებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, რომლებსაც არ აინტერესებთ ქვეყანაში რა ხდება. მოხუცები – ჩვენი ბებიები და პაპები პენსიას რომ აიღებენ, იმ თანხით რომ შედიან აფთიაქში და 500 %-იანი ფასნამატით რომ ყიდულობენ წამლებს, ერთხელ ამოუღიათ ამაზე ხმა? როდესმე უთქვამთ, რომ მაგალითად, მამაჩემმა აიღო პენსია – წინასწარ გამოიტანა 2000 ლარი და მოუწია 4000 ლარის გადახდა. როდესმე ამაზე ხმა ამოუღიათ? მარკეტებში რომ ძალიან ძვირად ყიდიან პროდუქტებს, იქ დასაქმებულ ჩემ ტოლ გოგო-ბიჭებს რომ მონებად ამუშავებენ, კაზინოებმა რომ დედა უტირეს ჩვენს ქვეყანას, რომ ნადგურდება აქ ქართველი, ქართველების ადგილს ათასი ჩამოთესლილი რომ იკავებს რუსებიდან დაწყებული, მეშვიდე დონის ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხი რომ მკვიდრდება და ქართველი რომ გარბის, ამაზე პრეტენზია არა გაქვთ? მარტო უბრალო ხალხის სალაპარაკოა და ღარიბებმა უნდა დაგიცვან ომი თუ დაიწყება?

ან სპორტსმენებო – ვის რა ჩემ ფეხებად უნდა თქვენი მედლები და ტატამზე კოტრიალობა და თუნდაც ფეხბურთი, რომელიც ძალიან მიყვარს… რადგან ფეხბურთს თამაშობ და ბურთს აგორებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორჩა, მოიხსნა შენი  ეროვნული და მოქალაქეობრივი ვალდებულებები…

ან მომღერალი რომ მღერის, თითქოს ეს არის მარტო მისი ვალდებულება, ან მოცეკვავე რომ ხორუმს იცეკვებს. ახლა იმასაც იტყვით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო – თავისი საქმე რას ჰქვია? ქვეყანა რომ ნადგურდება? ვიღაცა იურისტია, ვიღაცა – ჟურნალისტი.  იურისტმა მარტო იურიდიულ საკითხებს მიხედოს და ჟურნალისტმა – ჟურნალისტიკის?  ქვეყანაში პრობლემები როა და პოლიტიკოსები და მდიდრები კიდევ უფრო რომ მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო რომ ღარიბდებიან, ეს ნორმალურია?

სოფლებში რომ გავიდეთ, ბოქლომები ადევთ სახლებს, იქ სულ მოხუცები და ბავშვები არიან. ვიღაცა რომ გარდაიცვლება, კაცი აღარ დარჩა, რომ კუბო ასწიოს. დედა უტირეს ქვეყანას!

თქვენი მედლები საერთოდ არ გვაინტერესებს, ხმა ამოიღეთ ამ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე – აბსოლუტურად ყველამ, თორემ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩა!”