7 მაისი, 2023

სესილია თაყაიშვილისა და გურამ ლორთქიფანიძის ამბავი

არაჩვეულებრივ მსახიობებზე სესილია თაყაიშვილსა და გურამ ლორთქიფანიძეზე ისტორია ნინა გაბუნიამ გაიხსენა:

“გიორგობას დავიბადე და გურამი დამარქვეს, ბედი უნდა ყველაფერსო, ხუმრობდა გურამ ლორთქიფანიძე. არაჩვეულებრივი კაცი “არაჩვეულებრივი გამოფენიდან”.

ლორთქია, როგორც მას მეგობრები ეძახდნენ, ვერაზე, მელიქიშვილის 7 ნომერში ცხოვრობდა. დღემდე ინახავს ვერის უბანი ლორთქიას მიერ ნაამბობ თავგადასავლებს, რომელშიც ტყუილ-მართალის გარჩევა ჭირს, იმდენად ფანტასტიურ ელფერს ატარებს.

ეხმარებოდა ყველას, ვინც კი დახმარებისათვის მიმართავდა, თუმცა დიდად დალხინებული თავად არასდროს ყოფილა. მაგრამ ვინაიდან დიდი სამეგობრო ჰყავდა, და ყველგან მიესვლებოდა, უარი არავისთვის უთქვამს.

პოპულარული აგული ერისთავის როლის შესრულების შემდეგ გახდა: “მთელი თბილისი ღიმილით მხვდება, ქუჩაში გასვლა მიხარიაო”, – ემადლიერებოდა ქალაქს.

ესეც ლორთქიას მიერ ნაამბობი ერთი პატარა ისტორია:

”ცისფერი მთები”-ს გადაღება მიმდინარეობს. სესილია თაყაიშვილი, რომელიც როლზე ძლივს დაითანხმა რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ, ავადმყოფობს და გადაღებებზე საავადმყოფოდან მოჰყავთ. მე კი ისე დამემთხვა, რომ რამდენიმე დღე პურ-მარილზე ყოფნა მიწევს, დილით “პახმელიაზე” ვარ და წესიერად ვერ ვთამაშობ.

ერთი დღე მოითმინა სესილიამ, მეორე დღეს გაგიჟებულმა გვერდზე გამიყვანა: ”სიკვდილს რატომ არ მაცლი შენი დედა მოვ@@@@?!” მოულოდნელობისაგან გავშრი, გადავირიე, “დედას როგორ მაგინებო”, – შევუტიე. აქეთ შედავებაზე სულ გაცეცხლდა სესილია და ისეთი მთხლიშა სახეში, ყბა განზე მომექცა! ან იმდენი ძალა სად ჰქონდა ავადმყოფ ქალს?! უცებ გამოვფხიზლდი. ათასი ბოდიში მოვუხადე, წარმოგიდგენიათ, როლზე უარი რომ ეთქვა? სესილიას “შემაქანას” გარეშე “ცისფერ მთებს” რა ეშხი ექნებოდა? მეც არ მელოდა კარგი დღე, ელდარი უეჭველად როლიდან მომხსნიდა. მაპატია. მეც გადავრჩი და ფილმიც…”