16 მაისი, 2023

მოუსმინეთ სანდრო ელოშვილს

რეჟისორი სანდრო ელოშვილი თითოეული ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს:

“ბუბა კიკაბიძეს ერთი (ჩემი აზრით) ძალიან კარგი სიმღერა აქვს, რუსულ ენაზე… Проводы любви ქვია.
ლექსია კარგი, უფრო სწორად სიუჟეტი… მთელი ამბავი იმაშია, თუ რამდენად საინტერესო რამეა აეროპორტი…
რამდენჯერ შეხვედრიან, რამდენჯერ დაშორებიან… რამდენჯერ ტყუილად მდგარან წარწერით ხელში და “ის” არ ჩამოსულა…
დღეიდან… უფრო სწორად 17 დან ჩვენ შეგვიძლია თამამად… ცოტა უფრო ძვირად ვიდრე 37 მანეთი, მაგრამ მაინც გავფრინდეთ რუსეთის ქალაქებში… რა სჯობს ამას? თითქოს არც არაფერი მაგრამ…
“ნატვრის ხე” გახსოვთ? კოტე დაუშვილი რომ ეუბნება კახი კავსაძეს… ის მატარებელი რომ ჩამოვა, ჰაერი არ გაფუჭდებაო? ეს კითხვა მიჩნდება მეც, უფრო სწორად მსგავსი… ის თვითმფრინავი რომ ჩამოფრინდება, რას ჩამოგვიტანს? რას ჩამოგვიფრენს? ან რას გააფრენს და ვის…
ახლა, როდესაც რუსეთში მიმავალი თვითმფრინავები “ზაპრავკდებიან” თბილისის აეროპორტში, სულ ერთი თვითმფრინავი მახსენდება, 1993 წლის 22 სექტემბერს რომ აფრინდა თბილისიდან… ჩემი ოთხი ბიძა იჯდა შიგნით… ნუკრი, ვასო, თემური და ზურიკო… აფრინდნენ და მიწა ვეღარ ნახეს… ახლა ადექით და ნაცობა დამწამეთ თუკი ხელს ვერ დავუქნევ ვნუკოვოსკენ და შერემეტივოსკენ გაფრენილ ხომალდებს…
სოხუმთან, ბაბუშერას თავზე ააფეთქეს… ჩემების გარდა ასზე მეტი ადამიანი დაიფერფლა ჰაერში…
კიდევ რამდენი სული, რამდენი ტკივილი, რამდენი ოჯახის მოსპობა წაიღო და წაიყოლა რუსის თვითმფრინავმა… მარტო გორის თავზე მიფრენილ-მოფრენილები რად ღირს? მარტო ის ქალბატონი სესილია თაყაიშვილის სახით რომ იყურება დანგრეული კორპუსის წინ და “მიშველეთ ხალხნო” გაიძახის… ანდა ახალგაზრდა კაცი, მკვდარ ძმაზე ჩახუტებული… რა რეისია ამის ფასი?
ნუ გგონიათ არ მესმოდეს რა კარგია თვითმფრინავით, გასაყიდად ჩატანილი ვაშლი… ნუ გგონიათ ვერ ვხედავდე გულწრფელად და მართლა აპოლიტიკურად, Gate თან დამხვედრ მეგობრებს თუ ოჯახის წევრებს…
მესმის, ისე გაგვიჭირვეს, ისე მოგვაშიეს, ისე დაგვაჩოქეს რომ ღირსებაზე ძვირი თუ ძვირფასი გახდა პური… მაგრამ ფასსაც ხომ გააჩნია? რას ვიხდით?!
არ მინახავს და მეც მაინტერესებს როგორია ტრეტიაკოვის გალერია, ერმიტაჟი, პეტრეს ქალაქში თეთრი ღამეები და აწეული ხიდები, ჩვენს ძველ სოჭსაც მოვინახულებდი, პაპაჩემისავით მინვოდის სანატორიუმში წამოვწვებოდი ერთ-ორი კვირა და ცივ და უძიროდ ლურჯ ბაიკალშიც ჩავყვინთავდი, მაქსიმუმ ერთ ან ორ მეტრზე…
რა უნდა? აგერ აეროპორტი და აგერ თვითმფრინავი…
მაგრამ ასე მგონია, რუსეთისკენ მიმავალი თვითმფრინავის ტრაპზე რომ ფეხი ავადგა, წინ სოხუმის უკანასკნელი მერის, გურამ გაბისკირიას სული გადამიდგება და მეტვის:
никогда в жизни!!!”