მირზა გელოვანი – ომს შეწირული პოეტი

1941-45 წლების ომს უნიჭიერესი ქართველი პოეტი მირზა გელოვანი ათასობით ქართველთან ერთად შეეწირა.

27 წლის პოეტი 1941 წელს ფრონტიდან მშობლებს წერდა:

“ძვირფასო მშობლებო!

მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.

დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.

ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ.
ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს.

მჯერა , მე დავიბადე უდიდესი ძვრების მონაწილედ და ამ ომიდან, ამ გრიგალიდან დავბრუნდები გამარჯვებულ ლაშქართან ერთად. მოვივლი ყველა გრიგალებს და დავბრუნდები. ახალგაზრდა ვარ და იმედიანი. არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა, რადგან იმედიანი ვარ და იმედი ამარცხებს სიკვდილს. რადგან გამბედავი ვარ და სიცოცხლით მოთამაშე.”