3 მაისი, 2023

ძალიან კარგი წერილი არჩილ სულაკაურზე

მწერალი და პოეტი არჩილ სულაკაური თავისი ხელწერით ქართულ ლიტერატურაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.

მის სალიტერატურო ცხოვრებას ძალიან კარგი წერილი მიუძღვნა ნოდარ დუმბაძემ:

“ოცდაათი წელიწადია ჩვენ ვუკითხავთ ერთმანეთს ლექსებსა და მოთხრობებს, და ოცდაათი წელია გაუთავებელი შინაგანი თრთოლვა და შეგირდის შიში მაქვს მის მიმართ. ამის მიზეზი, ალბათ, ისიც გახლავთ, რომ ამ ხნის განმავლობაში მე არ მახსოვს არჩილის სუსტი ლექსი ან სუსტი მოთხრობა, ჩემი კი – რამდენიც გნებავთ.

ყოველი მისი ნაწარმოები, ჩვენს ყმაწვილკაცობაში ჩემზე რაღაც სულისშემძვრელ იდუმალ და რაღაც დიდი აღმოჩენის მაგვარ შთაბეჭდილებას ახდენდა. მაშინ ჩვენ ყველანი რაღაცას ვეძებდით, რაღაცის დაუცხრომელი ძიების სურვილი გვაწვალებდა, ეს დალოცვილი კი იდგა ტრიალ მინდორზე და სადაც დაჰკრავდა ბარს, ყველგან რაღაც განძი, ძვირფასი სამკაული ან მხოლოდ მისთვის ამოსაცნობი პალიმფსესტი და ეტრატი ამოჰქონდა.

მე იგი უკვე დაბრძენებული დამხვდა უნივერსიტეტში და როდესაც ლიტერატურულ წრეში გამოდიოდა, ისეთი შთაბეჭდილებები მექმნებოდა, თითქოს იგი მწერლობის დიდ ხელოვნებას კი არ ეუფლებოდა, არამედ აქეთ გვასწავლიდა და ყველაფერი ეს, სადღაც გულის სიღრმეში ეწყო ძალიან ღრმად და, როგორც კარგი მეურნე, იმ მძიმე ომის წლებში, იძულებულ ხელმომჭირნეობას დაჩვეული კაცივით, მშვიდად, წინდახედულად, გამიზნულად, მაგრამ კეთილი და ალალი გულით გვილაგებდა წინ.

მას შემდეგ, როდესაც მან თავის ხალხს სთხოვა, მაცალეთ მივდგებ-მოვდგები და ყველა ვალს გაგისტუმრებთო, მე მივხვდი რას წარმოადგენს ჩემთვის არჩილ სულაკაური და მე ჩავწვდი ისე, როგორც შემეძლო, მისი სულის არსსა და საიდუმლოს.

უკეთესი მეგობარი, უკეთესი ძმა, უკეთესი მესაიდუმლე, მასწავლებელი, შემოქმედი, წრფელი და მართალი კაცი ძნელად მოიძებნება ჩემს თაობაში.

ამას წინათ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში არჩილმა შესანიშნავი ლექსი წაიკითხა, რომელიც ასე მთავრდებოდა: “მიყვარხარ!” და როდესაც ტაშმა იგრიალა, არჩილმა აუდიტორიას მადლობა მოახსენა, გმადლობთ, რომ დამიჯერეთო.”