მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ალექსანდრე გეწაძეს კეთილშობილი კაცი და დიდი არტისტი უწოდა მწერალმა გურამ ქართველიშვილმა:
“კეთილშობილი კაცი და დიდი არტისტი წავიდა…
დიდი მსახიობი იყო ალექსანდრე გეწაძე. ჩვენ უფერულ დროში ისე წავიდა ამა სოფლიდან, რომ ერთი საყვედურიც არ დაცდენია იმ მარტოსულად ცხოვრების ყოფაზე, რომელსაც ის ხალხში ყოფნისასაც კი განიცდიდა.
ის ჩემთვის ალეკო იყო მე მისთვის გურიკა ვიყავი. გვიყვარდა ერთად ყოფნა და ამით ამქვეყნიურ რუტინაში ადამიანურ მუხტს ვიღებდით ხოლმე ერთმანეთისგან , ხშირად ბახუსის თანხლებით.
ალეკომ სამი ცა და დედამიწასავით განსხვავებული როლი გააცოცხლა ჩემ ,,ნაცოდვილარებში”: – მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლ ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილში” უნაძირალესი ბოლშევიკის (ერთ-ერთი) მთავარი ,,აქვსენტას” როლი შეასრულა, და ილიას მკვლელთა კასტის სცენიური სახე ბრწყინვალედ ითამაშა.
მეორედ იმერეთის დიდი მეფის ბაგრატ მესამეს სახე შექმნა შესანიშნავად, რომელიც თაობებს გაყვება მეფური ტვირთის ეკრანულ მაგალითად.
მესამე როლი კი, რომელზეც მივიწვიე, იყო მხატვრული ფილმი ,,ბახტრიონი”, რომელშიც ალეკო გეწაძე კახეთის სახლთუხუცესის როლს ასრულებს ისეთივე გარდასახვის თანდაყოლილი ნიჭით, როგორიც იყო ეს მართლაც დიდი არტისტი.
ალეკო ძმაო, ვერ დავესწარი შენ დაკრძალვას ავადობის გამო, მაგრამ მე და შენ ქართული საქმე ვაკეთეთ ერთად და თუ ვინმეს ოდესმე შეუმსუბუქებია ძმურად ჩემთვის “ცოტა მეტი” ტვირთი ამ ანტიქართულ საქართველოში (შენ სატკივარში) ერთ-ერთი შენ იყავი იმ ცოტათაგან…
უფალმა ისე შეგინდოს, ძმაო, როგორი სუფთაც იყავი.
ქედს ვიხრი შენი კაცობის, ნიჭის და ერთგულების წინაშე.”