29 მარტი, 2023

მარჩელო მასტროიანის საოცარი თბილისური ისტორია ელდარ შენგელაიასგან

ლეგენდარული მსახიობის მარჩელო მასტროიანის თბილისში ჩამოსვლა 1987 წელს ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ.

რეჟისორი ელდარ შენგელაია იტალიელი ხელოვანის ერთ-ერთ თბილისურ ისტორიას იხსენებს:

“1987 წელს მარჩელო მასტროიანი გვესტუმრა. სახლში ვიქეიფეთ, მოვილხინეთ. სმა უყვარდა ძალიან, შემდეგ სერგო ფარაჯანოვისკენ ავიღეთ გეზი, მთაწმინდაზე ცხოვრობდა, სანამ მანქანა მოძრაობდა ვიარეთ, შემდეგ ძალიან ვიწრო ქუჩას ავუყევით ფეხით. გზაში ეზოდან ვედრომომარჯვებული ქალი გამოვიდა, რომ შემოგვხედა დააგდო და ყვირილი მორთო, “მარჩელო ჩამოვიდა ჩვენთან მარჩელოო” და შევარდა ეზოში.

ჩვენ ფარაჯანოვთან ავედით, მან მთელი კონცერტი მოაწყო, ასე იცოდა ხოლმე, ფეხსაცმელები აჩუქა, ცალზე “მარჩელო” დააწერა, მეორეზე – “მასტროიანი”. თავისი კოლაჟებიც უსახსოვრა.

გარეთ რომ გამოვედით, რას ვხედავთ, მთელი უბანი დგას ყვავილებით. მარჩელომ მითხრა, იტალიაში რამდენი შეხვედრა მქონია, მაგრამ ასეთი არავის არასოდეს მოუწყვიაო.”