1 მარტი, 2023

გელა ჩარკვიანის გამორჩეული ისტორია

მწერალი გელა ჩარკვიანი თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებიდან ყოველთვის იხსენებდა  1 მარტს – საკუთარ დაბადების დღეს:

“დაბადების დღეებს ბავშვებს არ გვიხდიდნენ, რადგან ორთოდოქსი კომუნისტები პირადი თარიღების აღნიშვნას, ისე როგორც საჩუქრებს და გალიაში იადონებს, წვრილბურჟუაზიული, მეშჩანური ყოფის გადმონაშთად მიიჩნევდნენ. უახლოესი ნათესავების, ბიძიებისა და მამიდების გარდა, ზოგჯერ სადილად გვეწვეოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული ოფიციალური პირები.

ასეთ შემთხვევაში ბავშვებს რამდენიმე წუთით სასადილო ოთახში შემოგვიყვანდნენ და ჩვენს თავს სტუმრებს წარუდგენდნენ. აქ ბუხარი გიზგიზებდა და სუფრა ჩვენი შეფ-მზარეულის, ლევანის მიერ შექმნილი ულამაზესი კერძებით იყო გაწყობილი. როგორ მინდოდა დავრჩენილიყავი და სტუმრების ორდენებისთვის ხელი მომეკიდა!

ერთი-ორჯერ კიდეც მომცეს ამის შესაძლებლობა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლაზარ კაგანოვიჩმა კალთაში ჩამისვა და მისი უორდენო მკერდით იმედგაცრუებულმა ხელი მისი ულვაშისკენ წავიღე, სასადილო ოთახში დარჩენა აგვეკრძალა. ახლა უკვე ჭუჭრუტანიდან ვადევნებდით თვალს უფროსების მხიარულებას.

მახსოვს, ერთი რუსი გენერალი ისე გამოთვრა, რომ ძირს დავარდა და ღრიალებდა, მალე მესამე მსოფლიო ომი დაიწყებაო. ჩვენმა დაცვამაც ვერ დააშოშმინა და მანქანაში ძალით ჩატენილი კიდევ რაღაცას გაჰკიოდა მსოფლიო ომის თემაზე.”