13 თებერვალი, 2023

იაკობ გოგებაშვილი მეგრელებზე

მწერალი იაკობ გოგებაშვილი მეგრელებს თავის ჩანაწერებში ასე მოიხსენიებდა:

“მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება.

20 წლის წინათ სასულიერო მთავრობამ მოინდომა მეგრულს ენაზე წირვა ლოცვის შემოღება და კიდევ გადაათარგმნინა ოქროპირის წირვა ამ ენაზე, მაგრამ ყველა წოდებამ სამეგრელოში ერთხმად უარყო ეს ცვლილება და არ დასთანხმდა ეკლესიაში მეგრულის კილოს ხმარებას ქართული ენის მაგივრად. შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში.

საკვირველიც არ არის მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით.

გაბედულობითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება, საზღვრიდან დამოჟნის ცხვირ წინ უბაჟოდ საქონლის გამოპარება და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორნიც მეგრელები არიან.

ბევრს კარგ თვისებასთან ერთად მეგრელებს ბევრი ზნეობითი ნაკლულევანებაცა აქვთ. თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა. ეს ნაკლულოვანება მით უფრო მავნებელი და სამწუხაროა, რომ ხალხის ბლომა ნაწილს ღრმად აქვს გამჯდარი. ქურდობა სამეგრელოში ისე ხშირად ჰხდება, რომ სამართლეებს ილაჯი აქვთ გაწყვეტილი.

სამეგრელოს გარდა, იმერეთიდგანაც ბევრს საქონელს იპარავენ. ჯავრის ამოსაყრელად იმერლებს შეუდგენიათ მეგრელებზე შემდეგი თქმულება: მეგრელი როგორღაც სამოთხეში მოჰყვაო. მიიხედ-მოიხედა და საძოვარზე დაინახა მშვენიერი ბაჩა, რომელიც წმინდა გიორგის ეკუთვნოდა. მეგრელს გულმა ვერ მოუთმინა, მოიპარა ეს ბაჩა და გამოჰკურცხლა სამოთხიდანო.”