26 იანვარი, 2023

სესილია თაყაიშვილისა და ელდარ შენგელაიას არაჩვეულებრივი ამბავი

გენიალური მსახიობი სესილია თაყაიშვილი ლეგენდარული რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმზე ცისფერი მთები” მუშაობას ასე იხსენებდა:

„ცოტა ხნის წინ ელდარ შენგელაიამ დაიწყო მუშაობა ფილმზე, რომლის სათაური ჯერ არ არის დადგენილი. ეს არის საინტერესო კომედია ჩვენს თანამედროვეობაზე, ერთი დიდი დაწესებულების მუშაობაზე.

ამ ფილმში მე ვითამაშებ ხანშიშესულ ბუღალტერს, რომელიც ჩემსავით გაუთავებლად ეწევა სიგარეტს.

მეტს ნუღარაფერს მკითხავთ. არ მიყვარს ლაპარაკი იმ როლზე, რომელზეც ვმუშაობ. გეტყვით მხოლოდ, რომ ყოველთვის მქონდა სურვილი მემუშავა ელდარ შენგელაიასთან. ჩემი აზრით, იგი თავისებური და საინტერესო ხელწერის მქონე ოსტატია.”

რეჟისორი ელდარ შენგელაია ფილმში სესილია თაყაიშვილის მიწვევაზე გვიამბობს: 

“ცისფერი მთების” სცენარზე მუშაობა რომ დავასრულეთ, ცხადია, ბუღალტრის როლზე ქალბატონი სესილია მყავდა წარმოდგენილი და სცენარით ხელში მივადექი კიდეც შინ:
– დეიდა სესილია, აი, სცენარი… მგონი, ძალიან საინტერესო როლია თქვენთვის, მინდა გაეცნოთ და…
– ყველაფერი დამთავრდა, არავითარ ფილმში აღარ ვითამაშებ, არც თეატრში ვთამაშობ. გაიგეთ, არ შემიძლია…

მართლაც, ფილმის დასრულების შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ფაქტობრივად, როცა ვიღებდით, მძიმე ავადმყოფი იყო. თუ იტყოდა უარს, იმას წყალი აღარ გაუვიდოდა. მაშინ ცოტა ვიეშმაკე და ასეთი რამ ვუთხარი: იქნებ სცენარი წაიკითხოთ და თქვენი აზრი მითხრათ-მეთქი.
– რომელი რედაქტორი მე ვარ, სცენარი ვიკითხო. მეტი საქმე არა მაქვს, ვიჯდე და შენი უნიჭო სცენარი ვიკითხოო, – მომახალა.

ფარ-ხმალი არ დავყარე. როგორც იქნა, დავითანხმე… მეორე დღესვე დავურეკე:
– ქალბატონო სესილია, კითხვა ხომ არ დაგიწყიათ?
– წავიკითხე. მოდი და რაღაცებს გეტყვი.
იმწამსვე გავვარდი… კარი თავად გააღო და რას ვხედავ, საგანგებოდ არის ჩაცმული, სწორედ ისე, როგორც ფილმშია: ხალათი, ჩუსტები, ვარცხნილობაც კი სხვანაირი აქვს, ხელში რაღაც ქაღალდები უჭირავს:
– აი, შენი გმირი ასეთი უნდა იყოს და ქაღალდებით ხელში სულ უნდა დადიოდესო, – მეუბნება.
– დეიდა სესილია, აგერ არა ხარ? – შევაპარე.
– არა, არა, მე არ შემიძლია, არ შემიძლია, ყველაფერი მტკივა. გაიგე რა, მე უკვე იმ ასაკისა ვარ…
– ეს ქალიც ამ ასაკისაა, ამ ქალსაც ყველაფერი სტკივა და თანაც აქანავებს.
მეც მაქანავებსო, – შემომჩივლა.
ბოლოს და ბოლოს, მაინც მითხრა:
– კარგი, მაგრამ, იჩქარე. იცოდე, რაც შეიძლება იჩქარე.
გადასაღებ მოედანზე დიქტატორ რეჟისორებს არ ვგავარ, მაგრამ ამ შემთხვევაში გავხდი დიქტატორზე დიქტატორი, უმკაცრესი დისციპლინით. ზოგჯერ გადაღებაზე საავადმყოფოდან მოგვყავდა, მის ეპიზოდს ნახევარ საათში ვიღებდით და უკან ვაბრუნებდით მანქანით. გადაღებაზე ექიმიც თან მოჰყვებოდა…

“ცისფერი მთების” პრემიერა გვაქვს კინოს სახლში… იმ პერიოდში ქალბატონ სესილიას დაქვეითებული ჰქონდა სმენა, არადა, სურათი, ცხადია, ჩვეულებრივ ხმაზე მიდიოდა.
ჩვენება დასრულდა. ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა. გამოვედი, მილოცავენ, შთაბეჭდილებას მიზიარებენ, ჩემთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონ სესილიას შეფასებაა. როგორც იქნა, მივედი და…

„ეს რა ქენი, შე კაცო? ხალხმა კარგად კი მიიღო, მაგრამ რად გინდა – არაფერი ისმის, ის სიტყვები და მთელი ის იუმორი დაიკარგა“, – მსაყვედურობს. უმალ მივხვდი, საქმე რაშიც იყო და დავამშვიდე: „ქალბატონო სესილია, ეს პირველი ასლია, ცოტა ვერ არის კარგად გაკეთებული. ხვალინდელ ჩვენებაზე მეორე ასლი იქნება და თუ გინდათ, მოდით-მეთქი. მოვალო, – იმ წუთში არ დამთანხმდა?!

მეორე დღეს მოვიყვანე ჩემი უსაყვარლესი ბიძა სანდრო ანდრონიკაშვილი, რომელიც სესილიას ხნისა იყო და მასავით ყურმძიმე. სააპარატოში შევედი, ხმა ნორმაზე ბევრად მაღლა დავაყენებინე. ჩვენება დაიწყო და ის ჩვენი ეკრანი ყვირის და ყვირის. როდესაც დასრულდა, მაყურებლებმა მითხრეს, ძალიან კარგი ნამუშევარია, მაგრამ რას გვერჩი, რას დაგვაყრუე ხალხიო. ხოლო ქალბატონმა სესილიამ – აი, ახლა ნამდვილად კარგია და ყველაფერი შესანიშნავიაო. მერე სანდროს მივუბრუნდი. ბიძაჩემიც ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი სიტყვით, ყველა კი დავაყრუე, მაგრამ ჩემთვის უმთავრესი იყო, თავად ქალბატონ სესილიას გაეგო და გახარებოდა. მახსოვს, მითხრა კიდეც, ჩემი ნამუშევარი არ ვიცი, მაგრამ ფილმი ძალიან კარგიაო.”