29 იანვარი, 2023

მერაბ კოსტავას საუკეთესო ისტორია

მერაბ კოსტავას ცხოვრება მისაბაძი და სამაგალითო ამბებით არის სავსე.

“არტ ინფო” ერთ-ერთ მათგანს გიზიარებთ, რომელიც ეროვნული გმირის შვილის – ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავს შეეხება:

მერაბ კოსტავა სასჯელს კარცერში იხდიდა და შიმშილობის 90-ე დღე ჰქონდა, როდესაც შიმშილისგან დაუძლურებულს ვაჟის – ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს.

მერაბი ისევ კარცერში დააბრუნეს. მან უდიდესი ტრაგედიის გაგების შემდეგ, მეუღლეს – რუსუდან ბერიძეს წერილი მისწერა:

“გამარჯობა, რუსუდან…

გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში. მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც.

ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი.
ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ხსოვნისთვის გააკეთე ეს.
უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს.
იმედი მაქვს, შენ ამ ძალებს იპოვნი.

ვარ იგივე მდგომარეობაში. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით.
შევხვდებით კი ოდესმე?!

გკოცნი, მერაბი…”