17 იანვარი, 2023

მანანა დოიჯაშვილის საამაყო განცხადება

უნიჭიერესი პიანისტის მანანა დოიჯაშვილის განცხადება, რომელიც „საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის” ასამბლეაზე გააკეთა, ნამდვილად საამაყოა:

„დღეს, როდესაც, პრაქტიკულად წყდება მსოფლიო ცივილიზაციის ბედი, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და გაგიზიაროთ ჩემი ხედვები და აზრები. ძალიან ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც, ხშირად მესმის განცხადებები, რომ ,,ხელოვნება გადაარჩენს ქვეყანას”, რომ ,,ხელოვნება და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ”, რომ ,,მუსიკა უფრო მაღლა დგას პოლიტიკაზე” და ა.შ. მომიტევეთ ქალბატონებო და ბატონებო, ეს მხოლოდ თავის მოტყუება და დემაგოგიაა.

სამწუხაროდ, სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს მუსიკას და, ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიას. განა შეიძლება მუსიკამ გადაარჩინოს უკრაინა ან რუსეთი? განა შეიძლება მუსიკა იყოს უფრო მაღალი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა?

ან კი, როგორ შეიძლება აიხსნას მოსკოვის კონსერვატორიის რექტორის – მუსიკოსის განცხადება, რომ კონსერვატორია მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას უკრაინაში სპეც.ოპერაციის ჩატარებაზე?

ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის განსაკუთრებულად ნაცნობი და მტკივნეულია.
2008 წელს, ჩვენ ეს უკვე გავიარეთ და შედეგად მივიღეთ ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენი ტერიტორიების მცოცავი ოკუპაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებით, მათი წამებით და მკვლელობებით.

ეს უბედურება ჩვენს თავს მხოლოდ 2008 წელს არ დაწყებულა.

მიუხედავად ამისა, თბილისის კონკურსს ამ წლების მანძილზე ახალგაზრდა რუსი მუსიკოსებისათვის არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია.

არც იმას დაგიმალავთ, რომ 2008 წლის მოვლენებზე არც ერთ მათგანს, ჩემი მრავალრიცხოვანი რუსი მეგობრების ჩათვლით, სინანულის განცდა არ გამოუხატავს.

მუსიკაზე ამაღლებული და ჰუმანური არც ერთი დარგი არ მიმაჩნია. ჩემის ღრმა რწმენით, სწორედ მას და მის წარმომადგენლებს ევალებათ ჰქონდეთ სწორი პოზიციები დღევანდელ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. დიახ, ჩვენც, მუსიკოსებიც, რომლებიც ესე შორს ვართ პოლიტიკისგან, ვალდებულნი ვართ გამოვხატოთ, უპირველეს ყოვლისა, არა პროფესიული, არამედ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციები.

როგორც თქვენთვის ცნობილია, რუსეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს კრემლის ოფიციალურ პოლიტიკას. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი აქტიურად განიხილავს რუსი მუსიკოსების დაშვების საკითხს პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსზე.

მადლობას გიხდით ყურადღებისათვის.
მანანა დოიჯაშვილი
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.“