19 იანვარი, 2023

ლანა ღოღობერიძე ბუბა კიკაბიძეზე

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე მსახიობსა და მომღერალს ბუბა კიკაბიძეს ასე გამოემშვიდობა:

“რა ბედნიერებაა ისე მიდიოდე ამ ქვეყნიდან, რომ ამდენი ადამიანის გულში ტოვებდე უდიდეს კვალს და უდიდეს სიყვარულს, თან არა მარტო შენს ქვეყანაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოში. ამას არ ჰყოფნის ის, რომ იყო უბრალოდ კარგი მომღერალი, ან კარგი მსახიობი, ან კარგი ადამიანი, ან თუნდაც კარგი მოქალაქე.

არ ვიცი რაში იყო ბუბას განსაკუთრებულობა, მართლა არ ვიცი, მაგრამ რაღაც ხიბლი, რაღაც ელეგანტურობა, ასე გაიარა ცხოვრების გზა – მომხიბვლელად, ელეგანტურად, თავისუფლად, თავმდაბლურად. ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, ვერაფერში ვერ შეატყობდი, რომ არის ამდენი ადამიანის კერპი.

ისეთი ნოსტალგია მაქვს იმ დროის მიმართ, როდესაც პირველად გავიგონეთ ბუბას “მეფაიტონე”, ეს რაღაც იყო, რაღაც განსაკუთრებული…

და კიდევ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვა ბუბას მოქალაქეობას – ეს ამ ბოლო ხანს გამოვლინდა, ბოლო დროში მართლა გამოჩნდა ვინ იყო ბუბა. ჯერ მაშინ, როდესაც უარი თქვა რუსეთში წასვლაზე და მერე, როდესაც დავინახე კიევის მეტროში, იქ რომ იმღერა ბუბამ, ამით ყველაფერია ნათქვამი.

წავიდა ამქვეყნიდან დიდი ადამიანი და დაგვიტოვა დიდი სიყვარული და ყველაფერი ის, რასაც ბუბა განასახიერებდა – ის იყო სიმბოლო ყველაზე ყველაფერზე კარგის, რაც არის საქართველოში.”