6 იანვარი, 2023

დიდებული ამბავი დინა მირცხულავასგან

მწერალი დინა მირცხულავა მკითხველს დიდებულ ამბავს უზიარებს და შეახსენებს არ დაივიწყოს მთავარი – მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა მოგექცნენ:

“- მოექცი სხვებს ისე, როგორც გინდა მოგექცნენ – ეს ვიცოდი და მაინც….
ცხოვრებაში ხდება ისეც, რომ ისე იქცევი, როგორც არ გინდა მოგექცნენ…
კარგა დაღამებულზე, სახლში მძინარე წევრებს დავზვერავდი და სახლიდან ვიპარებოდი.
მტკვრის გადაღმა თივის ზვინებს მივეყუდებოდით და დილამდე ვბჭობდით, არსებობდა თუ არა სიცოცხლე მთვარეზე და რა ამინდი იქნებოდა ხვალ…

სახლიდან გამოსულს დამხვდა ერთ დღეს – რამდენიმე კვირით მივყავარ მამას და მალე დავბრუნდებიო, განქორწინებული მშობლების შვილები ასე წიოწიოდ ვიზრდებითო – განმიმარტა.
რამდენიმე კვირაში რა აღარ მოვასწარი – ახალი კაბის ყიდვა, ახალი ბიჭის გაცნობა, კაფეში და კინოში წასვლა, ნაყინის ჭამა და ბოლო აკორდი ახალი ცხოვრების დასაწყებად – თმების შეღებვა.

ჩამოვიდა.
ჰო, საშინელებაა, ვაღიარებ მკვლელობისმაგვარია, შენი ადამიანი აღარ დაგხვდეს.
– არ ვიცი, რა შეიცვალა, მაგრამ მასთან მომწონს მეთქი – ავუხსენი.
-კაბა გიხდებაო – მხოლოდ ეს თქვა და წავიდა.
დღეები გადიოდა წესისამებრ.
უერთმანეთოდ გავაგრძელეთ.
კარგა ხანს დადიოდა ჩემს სახლთან.
ათამდე მაღაზიას გამოივლიდა, მაგრამ ჩემს სახლთან რომ იყო იქ შევიდოდა მაინც და თვალები აწყდებოდა აქეთ.
ვბრაზობდი.
როდის როდის შეეგუა ბედს და აღარ ჩნდებოდა.

დღეების შემდეგ წლები ჩამოდგა ჩვენს შორის, მაგრამ ერთმანეთს მაინც ვერ გავექეცით…
მისი ერთადერთი, სიფრიფანა გოგო ჩემი შვილის უახლოესი მეგობარი გახდა.
პირველად რომ გამაცნო, მეგონა დანაშაულზე წამასწრეს და წამი იყო საჭირო, რომ შვილის თვალწინ დავმსხვრეულვიყავი.
გოგონას დაბადების დღეც დადგა.
ათი წლის გახდა.
ჩემი შვილიც მიიწვია.
მთელი დღე მატარა საჩუქრისთვის.
დიდი სიყვარულით არჩევდა და გზადაგზა მიხსნიდა, რა უყვარს, რა მოსწონს, რა გაახარებს…
– მამას ჰგავს მეთქი, – გულში ვფქირობდი და თვალები მეწვოდა.
ტირილი მინდოდა….
ტირილი მიშველიდა, ვიცი….

საღამოს გოგონას მამამ მოიყვანა სახლში.
– იცი, დე, თეკოს მამამ პირდაპირ სახლში მომიყვანა, საიდან იცოდა ჩვენი სახლი?! რა მაგარია, არა?! არც უკითხავს, დე, – ქურთუკს იხდიდა და ენას არ აჩერებდა.
აივანზე გავვარდი და მთვარეს შევხედე – თუ მართლა არსებობს ნეტავ იქ სიცოცხლე ჩემნაირებისთვის… აი, აქ რომ ცხოვრებას გამოტოვებენ იმათთვის?!”