23 დეკემბერი, 2022

“რატომ დავიბადე?”- საუკეთესო პასუხი გია მურღულიასგან

ადამიანებისთვის ყველაზე აქტუალურ კითხვაზე “რატომ დავიბადე?” – საუკეთესო პასუხი აქვს ფილოლოგ გია მურღულიას:

“რატომ დავიბადე? – ვეკითხები სამყაროს?

რომ იმოძრაო, – მეუბნება მდინარე.
ღმერთს რომ დაემსგავსო, – მეუბნება იაკობის კიბე.
რომ შეეწინააღმდეგო, – მეუბნება ეშმაკი.
რომ იფიქრო, – მეუბნება ფილოსოფოსი.
რომ გასცე, რათა მიიღო, – მეუბნება რუსთველი.
რომ მოკვდე, – მეუბნება ბუნება.
რომ ეცადო, – მეუბნება გაბედულება.
რომ გაიხარო, – მეუბნება გათენება.
რომ დაეჭვდე, – მეუბნება ნიჰილისტი.
რომ იტანჯო, – მეუბნება ხევისბერი გოჩა.
რომ შექმნა, – მეუბნება მეექვსე ბიბლიური დღე.
ათი მცნება რომ დაიცვა, – მეუბნება მოსე.
საკუთარი თავი რომ შეიცნო, – მეუბნება დელფოსის ტაძარი.
რომ გაიგო, – მეუბნება გამოცდილება.
რომ იცოცხლო, – მეუბნება საკუთარი თავი.
რომ ემსახურო, – მეუბნება სამშობლო.
რომ გიყვარდეს, – მეუბნება იესო.

მიწაზე ვდგავარ ჩემი ქვეყნის ლურჯი ცის ქვეშ და ვნატრობ:

ღმერთო, ყველა ნათქვამიდან მასწავლე და აღმასრულებინე ის, რაც შენთან შეხვედრისას არ შემარცხვენს.”