19 დეკემბერი, 2022

მცხეთის ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია

მცხეთის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა” გამარჯვებულია. მოცეკვავეებმა ნინო იმერლიშვილისა და გიორგი პატაშურის ხელმძღვანელობით ცეკვის საერთაშორისო კონკურსზე DANCE SUPER STAR 2022 პირველობა არავის დაუთმეს.

კონკურსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა და 16 ქვეყანის და 3000-ზე მეტ მონაწილეს უმასპინძლა.

მონაწილეები შეაფასა ჟიურიმ 10 ქვეყნიდან: საქართველო, ჩეხეთი, უკრაინა, მექსიკა, ალბანეთი, არგენტინა, სომხეთი, ესპანეთი, იტალია, ბელორუსი.

კონკურსში საქართველოდან მხოლოდ ანსამბლი “როკვა” მონაწილეობდა და 300 ქულით გამარჯვებულიც გახდა. ქართველმა მოცეკვავეებმა საკუთარი პროფესიონალიზმით და უმაღლესი დონის შესრულებით აღაფრთოვანეს ჟიური და მაყურებელი.

მონაწილეთა შორის საუკეთესო სამეულში მოხვდნენ საქართველოს, ესპანეთისა და ყაზახეთის კონკურსანტები. საბოლოოდ კი ქულები  ასე გადანაწილდა: საქართველო – 300 ქულა, ყაზახეთი – 267 ქულა და ესპანეთი – 252 ქულა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და გალა-კონცერტი ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა, სადაც ანსამბლმა “როკვამ” ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ანსამბლის ქორეოგრაფებს კი კონკურსის ორგანიზატორმა სპეციალური ჯილდო გადასცა.