12 დეკემბერი, 2022

კონსტანტინე გამსახურდიას არაჩვეულებრივი წერილი 

konstantine-gams.jpgკლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედებიდან “არტ ინფო” გთავაზობთ არაჩვეულებრივ წერილს” ქალის რძე”:

” – ქალო, სად არის შენი ქმარი ამდენ ხანს?..
– ჩემი ქმარი ? – ამბობდა იგი ათრთოლებული ხმით (თითქოს უკვე იცოდა, რომ ის უკვე აღარ იყო ამქვეყნად), – ჩემი ქმარი იმ ძაღლთან ერთად იყო დილიდანვე წასული და… ქალს სიტყვა პირზე შეახმა.

მდუმარედ ვადექი თავზე. ვხედავდი, თუ როგორ უტოკავდა მხრები.
და ამ წუთში ვიგრძენი, რომ მე ხელებზე სისხლი მეცხო, ადამიანის სისხლი. უაღრესმა სინანულმა შეპიყრო, მზად ვიყავი, ფერხთით დავვარდნოდი ამ ქალს, მეღიარებინა ჩემი უნებლიე დანაშაული და უსიტყვოდ დავმორჩილებოდი უდიდეს სასჯელს. ვიდექი, ვყოყმანობდი, პირი მაგრა მქონდა მოკუმული. ასე მეგონა, ყოველ წუთში შეეძლოთ ამ ქოხში შევესწარით თათრებს და სისხლი აეღოთ.

ისე ველად გავსულიყავი, გაშლილ მიდამოზე? უფრო ძნელი იქნებოდა თავდაცვა.
მივვარდი კარს, მძიმე ურდულით ჩავკეტე. ცავკეტე კარი და ამ საქციელმა გარდატეხა გამოიწვია ჩემს სულიერ განწყობილებაში. ახლა გადავწყვიტე, თუ მეზობლები თავს დამესმოდნენ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდის მებრძოლა. ეს მიწური შეუვალ ციხედ მექცია.

მივბრუნდი ისევ იმ ქალთან სრულიად დარწმუნებული, რომ ამიერიდან მე ვიყავი მისი ბატონი და ქმარი.
და ამ ჩემს აფორიაქებულ შეგნებაში ყველა ზრახვაზე უფრო საცნაური დახდა: ნდომა ამ ქალისადმი.
ისევ თავს წამოვადექი მდუმარედ მჯდარს.

თითქოს ჩემი გულისნადები უსიტყვოდ შეიცნოვო, გახელებული წამოვარდა ქალი, გახევებული წინ დამიდგა. მკერდზე ხელი მკრა და შემატორტმანა.
– რა გინდა ჩემგან, გიაურო? – მესროლა გაცოფებული სიტყვები.
ამასობაში თავშალი გადაძვრა, თავი ამაყად გამართა, ძლიერ მრისხანედ, მაგრამ კოკეტურად შეარხია სხეული და კარისაკენ გაემართა.

დახარბებული შევცქეროდი მის ამაყ სვლას, მაგრამ ურდულს წაეპოტინა, ერთის ნახტომით წამოვეწიე, რბილსა და ნაკვთიან მკლავებზე ხელი წავავლე უკანიდან. ტანზე ელექტრონის დენივით შემომედო მისი სხეულის სიტფო და სილბო.
შემოვაბრუნე, ძლიერ მჭიდროდ მივიკარი მკერდზე გათქვირული გულ-მკერდი და შემომენთო მისი გომიჯივით მკვრივი ძუძუ-მკერდის ცხუნვარება. თავი განზე გადააგდო, თავშალი ძირს დაუვარდა. თავშალი ავიღე და მივართვი ისე, როგორც გალანტურ კავალრებს ის სჩვევიათ. შეინძრა, გაიბრძოლა, ხელიდან გასხლტომა სცადა, მაგრამ რა დრწმუნდა, რომ ვერარ წამივიდოდა, მთელი სხეული მოეთენთა. კოკეტურად თვალმინაბულს და კისერმოღერებულს სასოწარკვეთილი სიმკრტალის იერი გადაჰკვროდა სახეზე. თვალები დახუჭული ჰქონდა და თვით ჭრაქის სინათლეზე მე ვამჩნევდი ნაზსა და ცისფერ ძარღვებს თვალების გუგებზე.

და ამ ცისფერი ძარღვების დანახვა ქალის სახეზე მე გონებას მაკარგვინებს.
და ვთქვი იმ წუთში: ეს ქალი თუ ჩემი არ იქნა, ამაღამ უთუოდ მოვკვდები-მეთქი და გადავწყვიტე ყოველგვარი ხერხი მეხმარა ჩემი უშრეტი წყურვილის მოსაკლავად.

ხვლიკისფერი, დიდრონი, მშვლის თვალები გაახილა, შემომხედა. როგორც ორი რამის პეპელა, ფარფალებდნენ მისი გრძელწამწამებიანი თვალები. სწორედ ასეთ თვალებზე უთქვამს ბრძენს, `მშვილდოსნობა აბხაზთაგან უსწავლიათო.

მკლავებზე ხელი შევუშვი, ცალი მკლავი წელზე მოვხვიე, ცალიც შეხსნილ საკინძეში ჩავუყავი და ძუძუზე შევავლე. ისე მილულა დიაცმა თვალები, თითქოს ნეტარების ელდამ შეიპყროვო და მომენდო.

კიდევ შევავლე თვალი ცისფერ ძარღვებს თვალის გუგისას, აუწერელი ბედნიერების თრთოლვამ ამიტანა, სწორედ ამ დროს კალმახივით გამისხლტა ხელიდან და მიწურის ბნელ კუთხეში გაუჩინარდა.

გამოვუდექი ჩემს ნაალაფარს. ვიდრე მე კუთხემდე მივიდოდი, იგი დაზვინულ შინაურ ხიბაკს გადაახტა და უკვე მეოაააარე კუთხესი იყო. მივაღწიე იმ კუთხემდის, იგი შუაცეცხლთან გაჩნდა და ჭრაქი ჩააქრო.
დავრჩით მთლად დაბნელებულ მიწურში.
ფეხის ხმაზე, ტანისამოსის შრიალზე ვიკვლევდი გზას, მიწურში უამრავი ჭურჭელი და სკივრები ეწყო, იგი გარეულ კატასავით დარბოდა, მე ძლივს დავბობღავდი.
დავიჭერ, მგონია, ხელში მყავს, მოვეალერსები, მომენდობა, ვკოცნი, ვეალერსები, ისევ იდროვებს, ისევ გამექცევა, ისევ მივარდება დაგმანულ კარებს. ის-ის იყო ურდულის გამოძრობას აპირებდა, მივუსწარი, ბავშვივით ავიტაცე ხელში და ნარზე დავაწვინე. ერთბაშად კუთხიდან ბავშვის ტირილი შემოგვესმა.
– ხელი გამიშვი, ხომ ხედავ, პატარა სტირის, – მეუბნება თათრულად, – გეფიცები ალაჰს, მე ისევ მოვალ. – ეს მითხრა და ყვრიმალში ვაკოცე. კოცნითვე მიპასუხა.
მივიდა კუთხეში. ძუძუ ჩაუდვა მტირალს ბალღს პირში, დააშოშმინა.
ამ სამარისებურ სიჩუმეში ვიწექი. ვფიქრობდი: თუ რა საოცარ ამბავს გადავეკიდე, ჩემივე გულის სიღრმეში ჩავიხედე. ვხედავდი მე აღარ მქონდა არავითარი ძალა, რომ ამ ქალს მოვშორებოდი, ვიდრე იგი ჩემი არ გახდებოდა.
და ახლა წასვლა, მას შემდეგ, რაც ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ გათავდა, მას შემდეგ, რაც ნებსითი კოცნა მივიღე ამ საოცარი, ჯიუტი ქალის ბაგიდან და ახლა სამარცხვინო გაქცევა?!
ამ ფიქრებში გართულს კარებიდან ხმაურობა მომესმა. შევკრთი, წამოვარდი. იგი ისევ ურდულს ებღაუჭებოდა. ისევ ავიტატე.

დიდხანს ვიბრძოლეთ კიდევ. საკომურიდან შემოსულმა სინათლემ მიწური გაანათა.
მთლად შემოგლეჯოდა ტანისამოსი. მკლავები დალურჯებული ჰქონდა, ხელების წანავლები.

იწვა ჩემს მკლავზე, დიდრონ, შავწანწამებიან, ხვლიკისფერ თვალებით მათვალიერებდა, იგი უკვე აღარ მწყევლიდა, ძუძუ-მკერდზე ხელს რომ შევავლებდი, ნაზად ნაბავდა თვალებს და მე ვხედავდი ისევ საყვარელ ცისფერ ძარღვებს ქალის თვალების გუგებზე.
გახელებული ვკოცნიდი ლოყაზე, თვალებში, ძუძუ-მკერდზე, მაგრამ ტუჩები არ მაკოცნინა. რამდენჯერაც ვაკოცე, სახელოთი მოიწმინდა. ბავშვსავით მოვუხიჩინე იღლიაში და მაშინ გაიცინა. გაიცინა და არნახულმა ელვარებამ შემომანათა მისი სადაფივით თეთრი, მწყობრი კბილების რიალში.

ცა გამეხსნა სიხარულისაგან. მან თავზე გადამისვა ხელი და მკერდზე მიმიხუტა ცალ ხელით, ცალითაც ათასგზის დაფხრეწილი ხალათიდან ძუძუ ამოიღო, თვალის დახამხამებაზე პირში ჩამიდო და მე ვიგრძენი, პირის უბე ამევსო… ქალის რძით…

ხელი შევუშვი ამ მაცდურ სატანას, ნარიდან წამოვვარდი, იქვე მდგარ კოკას მივსწვდი, პირი გამოვირეცხე. არც კი მომიხედავს ქალისათვის, ისე წავავლე ჩემს თოფს ხელი და გავსწიე ჩქარის ნაბიჯით მოტვლეპილ ველზე.

ვხედავ კავკასიონის ამეთვისტოს გვირგვინს, მიტკალის ჩადრით ოდნავ შებურვილს, მახლობელი მთების მწვერვალებს, იასპისფრად მოსევადებულს, ჯანდარის ტბიდან ყიავ-ყიავით დგება გარეული ბატების ქარავანი და დაკლაკნილ მრავალწერტილებით ხაზავენ კალასფერ ცარგვალს….”